ნორვეგია უკრაინას 600 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

ნორვეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 600 მილიონ დოლარზე მეტი გამოყოს, რომლის დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვას მოხმარდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნორვეგიის პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის წინადადებას 2024 წელს უკრაინის მხარდაჭერის 7 მილიარდი ნორვეგიული კრონით – 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზრდის შესახებ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტიორმა განაცხადა, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი, 6 მილიარდი კრონი, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მოხმარდება.
ამ ცვლილებებით, 2024 წელს უკრაინისთვის ნორვეგიის მიერ გამოყოფილი დახმარების ჯამური ოდენობა 22 მილიარდ კრონს მიაღწევს.