საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება არის აფხაზეთის სრული ანექსიის ბოლოს წინა ნაბიჯი, ამას მოჰყვება უკვე საბოლოო ანექსია , – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს.
როგორც ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ეს არის რუსეთის მიერ ტრამპის ადმინისტრაციასთან სავაჭროდ მზადება.
„ტრამპის მოსვლასთან ერთად რუსეთი აპირებს, რომ გაავლოს ხაზები. რუსეთის სურვილია ახალი „პოტსდამის კონფერენცია“, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ახალი რუკა დახაზა. ევროკავშირის ეს ჯერჯერობით ძალიან არ უნდა და არც აპირებს ამაზე წასვლას. საუბარია იმაზე, თუ ეს ხაზი სად გაივლის. რუსეთი ამზადებს ამ ხაზებს, რომ თუ დაჭირდა ეს იყოს აფხაზეთი თავის შემადგენლობაში, საქართველო თავისი გავლენის სფეროში შეიყვანოს. ეს არის რუსეთის მიერ ტრამპის ადმინისტრაციასთან სავაჭროდ მზადება. აფხაზეთი, რა თქმა უნდა, არ იქნება მთავარი თემა, მეათე თემაც არ იქნება, მაგრამ როცა წავა ვაჭრობა, თქვენი რა არის და ჩვენი რა არის, მათ უნდა თქვან, რომ ეს ჩვენი შემოხაზული ტერიტორიებია, ხოლო ამაზე კი ბატონო ვივაჭროთ, ასეთი ვაჭრობა წარმოუდგენიათ მათ ტრამპთან და რამდენად იქნება, ეს სხვა თემაა. მე არა მგონია, რომ ტრამპის მოსვლამდე ამან ოფიციალური სახე მიიღოს. კანონს გაიტანენ აუცილებლად, რუსეთი ემზადება. ყველაზე სასწაული ისაა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე უსინდისოდ გვპირდებოდა, რომ კარგ ამბებს დაელოდეთ აფხაზეთიდანო, აი, მივიღეთ ახლა „კარგი ამბები“, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, ჯერჯერობით რუსეთის მიერ აფხაზეთის საბოლოო ეკონომიკური ინტეგრაცია ხდება და თუ რუსეთს დაჭირდება ეს პოლიტიკურ ჭრილშიც გადავა.
„ეს არის, ალბათ, ბოლო ნაბიჯი საბოლოო ეკონომიკური ინტეგრაციის აფხაზეთზე, თუმცა საინტერესოა რამდენად პოლიტიკურ ჭრილში გადავა შემდეგ ეს ინტეგრაცია და რამდენად ჭირდება ეს რუსეთს. ოსეთის კრიმინალური რეჟიმი დიდი ხანია ეხვეწება რუსეთს, რომ მიგვიღეთ რუსეთის ფედერაციაში, აფხაზებს ასეთი რამ არ გაუკეთებიათ. სამხრეთ ოსეთში ორჯერ რეფერენდუმი ჩაატარეს, თუმცა იმათაც კი უარი უთხრეს რუისებმა იმიტომ, რომ დღეს მათ ეს პოლიტიკურად არ სჭირდებათ. ეს სატყუარაა, რომ შემდეგ ევრაზიის კავშირში შეგვიყვანონ ევროკავშირის ნაცვლად“, – განაცხადა
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. 15 ნოემბერს კი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების” შესახებ ე.წ. კანონპროექტის რატიფიკაციაა დაგეგმილი.