“საქართველო უნდა იყოს ნიშური ტურიზმის მიმართულება, ჩვენ ვერ გავუძლებთ იმას, რომ გავხდეთ მასტურიზმის ქვეყანა, უბრალოდ გავნადგურდებით”, – ამის შესახებ გადაცემა “წერტილში” სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა ელენე ოთარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, სადაც ტურისტები ჩამოდიან ღვინის ტურიზმისთვის, ბიზნესტურიზმისთვის, სამკურნალო და ველნესტურიზმისთვის, სათავგადასავლო ტურიზმისთვის.
“ეს ნიშური მიმართულებები უნდა განვავითაროთ და გლობალური ტურიზმის რუკაზე პატარა მანათობელი ქვეყანა ვიყოთ. ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს სათანადოდ გამოყენებული ღვინის სამშობლოს სტატუსი.
ელენე ოთარაშვილმა საქართველოში ბოლო პერიოდში ჩამომსვლელ ვიზიტორთა შეცვლილ გეოგრაფიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის შედეგია ის, რომ ღვინის ტურიზმი, რომელიც ყვაოდა, ახლანდელი ტურისტების უმრავლესობას აღარ აინტერესებს.
“კი ბატონო, უნდა მომხდარიყო ბაზრების დივერსიფიკაცია, მაგრამ რადგანაც ევროპელი ტურისტი გახდა რაოდენობრივად ნაკლები, ამან გამოიწვია ის, რომ ღვინის ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში არავის არ აინტერესებს. გასტრონომიულმა ტურიზმმაც უკანა პლანზე გადაიწია”, – აღნიშნა მან.
Golden Tulip Design Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა ისიც აღნიშნა, რომ ახლანდელ ვიზიტორებს მეტწილად აინტერესებთ 5-ვარსკვლავიანი კომფორტი და შოპინგი.
“ჩვენ მოვიწყინეთ, ვინაიდან მათთვის არ ვართ საინტერესო, არ უნდათ ჩვენი სასმელი, საჭმელი. ძალიან განვსხვავდებით, უნდათ 5-ვარსკვლავიანი კომფორტი, შოპინგი, ხანდახან ბუნებასაც ათვალიერებენ, მაგრამ არა [საქართველოს] უნიკალურ რაღაცებს, რაც ჩვენ ფორმაში გვამყოფებდა. ევროპელ ტურისტზე სწორება კი ჩვენ გვაძლევდა იმის მოტივაციას, რომ შეგვექმნა ახალი პროდუქტები და მათთვის საინტერესო ვყოფილიყავით. ეს გვაძლევდა ბიძგს, რომ განვვითარებულიყავით”, – განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.
ცნობისთვის, 2025 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჯამში 201 986 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 10.2%-ია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ვიზიტებით პირველ ათეულ ქვეყანაში ვერ მოხვდა. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით კი, წელს, პირველ 6 თვეში ტურიზმიდან მიღებული 2 მილიარდი დოლარის შემოსავალში ევროკავშირიდან 277 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 12.5%-ით აღემატება. ამის პარალელურად, Galt & Taggart-ის სექტორის უფროსის განცხადებით, 2024 წელს საქართველოში ტურიზმის აღდგენა ძირითადად ახალი აზიური ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების ზრდამ განაპირობა.
