“არ მჩვევია ფართიფუფერობა, მიყვარს სხვისი სიხარულის გაზიარება, მაგრამ ვერც თავისუფალ სიტყვას შევიზღუდავ “რადიკალი”:) მგონი, ყველას დაგაცადეთ, ახლა ჩემი გულწრფელი ემოციის გაზიარების დროა.
უდავოდ ფენომენალური სპორტსმენია ხვიჩა.
დასაფასებელია ყველა ადამიანის შრომა, ასეც მოხდა — მაქსიმალურად დაფასდა სწორედ იმ ევროპაში, რომლისკენაც სწრაფვის გამო აწამეს და დაატყვევეს თავისი თანატოლები.
გულწრფელად მიხარია თქვენი სიხარული, რომლის განცდაც უმთავრესია ადამიანისთვის ამ ხანმოკლე ცხოვრებაში, მეც მინდა, რომ ბოლომდე მიხაროდეს, ამიტომ ვისურვებდი, ხვიჩას ღმერთი და სამშობლო მხოლოდ ბურთი და თასი კი არ იყოს, გუშინ რომ კოცნიდა, არამედ ხალხიც, თავისი ხალხი, რომელიც აღმერთებს შინ და გარეთ, სკოლასა თუ ციხეში.
ეს პრეტენზია, შური, ბოღმა თუ ჩასაფრებულობა კი არაა, პირიქით, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის აღიარებაა ამ ქვეყნის ისტორიაში.
სპორტი პოლიტიკაა.
დუმილიც პოლიტიკაა.
ხვიჩა, გილოცავ! შენთან ერთად, შენი ხალხიც იმსახურებს ევროპულ სიკეთეებს, სიხარულსა და თავისუფლებას!” – წერს სოციალურ ქსელში პოეტი ნიქო გორგილაძე.