ნიუსის გაზიარება იყო პრობლემა, ყველაფერი რაც დღეს მოხდა, ამ საფუძვლით დევს საქმეში – ილია ღლონი

სამოქალაქო აქტივისტი, ილია ღლონტი ამბობს, რომ მისი სახლის ჩხრეკისა და გამოკითხვაზე წაყვანის საფუძველი სოციალურ ქსელში, “პუბლიკას” ნიუსის გაზიარება გახდა. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები – სხვა აქტივისტების სახლების ჩხრეკა და დაკავება სწორედ ამ ნიუსს ეხება. კონკრეტულად, ხვალ, 2 თებერვალს, 16:0 საათზე, თბილისი მოლის მიმდებარედ დაგეგმილ აქციას.
“აღმოჩნდა, რომ „პუბლიკის” მიერ დადებული ნიუსის გაზიარება იყო პრობლემა და ყველაფერი რაც დღეს მოხდა, ამ საფუძვლით დევს საქმეში. ასევე, ის პირები, რომლებზეც მიმართეს სასამართლოს, რომ ჩხრეკის განკარგულება გაეცათ, იქიდან ნახევარზე მეტს არ ვიცნობ, ცხოვრებაში არც ერთხელ არ მყავს ნანახი”, – თქვა ილია ღლონტმა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
მისივე თქმით, პოლიცია ცდილობს იპოვოს ამ აქციის ორგანიზატორი. ღლონტი ამბობს, რომ გამოკითხვის დროს მისგან სწორედ ეს და მსგავსი ინფორმაცია აინტერესებდათ.
“ქვეყანაში, სადაც პოსტის გაზიარების გამო, შეიძლება, ვიღაც შემოვიდეს, გაგჩხრიკოს, წაგიყვანოს, ჩემთვის არის წარმოუდგენელი. ეს ხდება დღეს უკვე, დღეს უბრალოდ ფეისბუქის პოსტის გაზიარების გამო შეიძლება ადამიანები გახდნენ ჩხრეკის მსხვერპლი. წინასგან განსხვავებით, ტელეფონი ეგრევე ჩამომართვეს, სრულ იზოლაციაში ვიყავი სახლში. საბოლოო ჯამში, პრობლემა მდგომარეობს ამ რეჟიმის სისტემატურ უსამართლობაში, სისტემიდან, ყველანაირი მორალის ფარგლებიდან გასულები არიან. ასევე, ალბათ, ეძებენ ვიღაც ორგანიზატორებს. თვითონ არიან ამის ორგანიზატორები, უნდა გვესმოდეს ყველას, იმიტომ, რომ მათ გადააბიჯეს ყველა სამართლებრივ ჩარჩოს, მათ შექმნეს ეს სიტუაცია ქვეყანაში და ისინი არიან დამნაშავეები იმაში, რაც ახლა ხდება. იმაში, რომ ხალხი თვითორგანიზებით მიდის ამ აქციებზე, ითხოვს მეტ და ფართო პროტესტს და ამ მოქმედებით ამას ვერანაირად ვერ გააჩერებენ. სისტემას ეშინია თავად, თუ დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი კარგად არის, ასეთ ქმედებებს არ მიმართავ. სისტემას ეშინია, რომ თავისუფალი ადამიანები სადღაც შეიკრიბებიან, კიდევ უფრო გაძლიერდება პროტესტი და ფიქრობენ, აი, ახლა, იქნებ იმუშაოს. არ იმუშავებს. ეს პროტესტი არის ხალხის, ეს პროტესტი არ ეკუთვნის დაიტოვეს და არავის ამ ქვეყანაში. ეს პროტესტი ეკუთვნის იმ ადამიანების, რომლებიც თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი ქვეყნისთვის იბრძვიან”, – განაცხადა ილია ღლონტმა.
დღეს, 1-ელ თებერვალს გაჩხრიკეს რამდენიმე მოქალაქის საცხოვრებელი სახლი. მათ შორის, ფეისბუქ ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინისტრატორების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის [ქრისტინე ბოტკოველი], ასევე ისაკო დევიძის სახლები. ეს უკანასკნელი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა.
რაც შეეხება უშუალოდ ჩხრეკის საფუძვლებს, უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება. კონკრეტულად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტებზე.