ნინო წილოსანი მოქალაქეებს მათთვის ლოცვას ჰპირდება ბოროტი ძალებისგან დასახსნელად

დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მოქალაქეებს მიმართავს და მათთვის ლოცვას ჰპირდება. ამ პოსტით ის ეხმაურება “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეთა ინიციატივას, რომლებიც ამ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს “ქვეყნის ღალატისთვის” სიმბოლურად 30 თეთრს ურიცხავენ ანგარიშზე.
“ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ, უფალს ვთხოვ მოგიტევოთ თქვენში გაჯერებული ზიზღი და გიხსნათ ბოროტი ძალებისგან..
თქვენი ჩარიცხული თანხა კი ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება”, – წერს დეპუტატი.
მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო სადავო კანონპროექტი, რომლის წინააღმდეგაც უწყვეტი ხალხმრავალი აქციები იმართება თბილისში, მოქალაქეებმა ამ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს ჯერ სმს-ების გაგზავნა დაიწყეს, შემდეგ კი სიმბოლური თანხის ჩარიცხვა პირად ანგარიშებზე დანიშნულების ველში “ქვეყნის ღალატისთვის” მითითებით.
“აგენტების კანონი” მეორე მოსმენით პარლამენტმა 1 მაისს მიიღო – მას 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ბოლო სამი დღის განმავლობაში პოლიციამ ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ასამდე ადამიანი დააკავა.