ნინო წილოსანის მოთხოვნით „ფორმულის“ ჟურნალისტს ექვსი თვით აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და მმართველი პარტიის დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით კიდევ ერთ ჟურნალისტს აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა. ჟურნალისტი სოფო გოზალიშვილი ვეღარ შევა საკანონმდებლო ორგანოში ექვსი თვის განმავლობაში – 4 ივნისიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში.
როგორც რადიო თავისუფლებას პარლამენტში განუმარტეს, დეპუტატმა ჟურნალისტისთვის აკრძალვის დასაწესებლად მობილური ტელეფონით გადაიღო ვიდეოკადრი და შესაბამის დეპარტამენტს რეაგირებისთვის გაუგზავნა.
წესები, რომლის დარღვევასაც ჟურნალისტს ედავებიან, ნინო წილოსანის თანაგუნდელმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეიმუშავა.
„ფორმულის“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ „მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას“.
ნინო წილოსანის მოთხოვნით გუშინ, 3 ივნისს მუშაობა აუკრძალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს. ეს ჟურნალისტი ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს პარლამენტში შესვლას.
ჟურნალისტი „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის გამო -დან მოსალოდნელი სანქციის შესახებ ამზადებდა მასალას. პოლიტიკოსმა ჟურნალისტს უარი უთხრა. კითხვის ხელმეორედ დასმის შემდეგ კი აღნიშნა, „მე გავაკეთებ განაცხადს, რომ თქვენ დაგასანქცირონ“.
პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაამტკიცა. დოკუმენტი გასული წლის 1 მარტიდან მოქმედებს.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე, ჟურნალისტი კი აგრძელებს კითხვის დასმას, შესაძლოა ამ მიზეზით ჟურნალისტს შეზღუდვები დაუწესდეს.
წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტებზე სანქციებია გათვალისწინებული. თუ საპარლამენტო ჟურნალისტი ჩამოთვლილ წესებს დაარღვევს, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება, შეუჩერდეს აკრედიტაცია ერთი თვით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება დაუშვებელია.