სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის, ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა დასრულდა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ლომჯარიამ განაცხადა, მან საგამოძიებო უწყებას მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება გადასცა. თუმცა, ყოფილ სახალხო დამცველს განცდა აქვს, რომ „ის არის გამომძიებელი და მას სთხოვენ, დაუმტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა“.
„თავისუფალი თხრობით დაიწყო ჩვენების მიცემა, ჩემი სათქმელი მოვუყევი, ყველა ის შეფასება, რაც გავაკეთე, რას ეფუძნებოდა, რა მტკიცებულებებს და ყველანაირი მასალა გადავეცი, რაც თან მქონდა. კითხვები იყო, თუ ვიცით ვინ არიან კონკრეტული ადამიანები, სახელები და გვარები, დამრღვევები, ვინ აძლევდა ხმას სხვის ნაცვლად, რაზეც ჩემი პასუხი ასეთი იყო, საჩივრები, რაც დავუტოვეთ, დეტალურად აღწერს, რომელ უბანზე ხდებოდა კონკრეტული დარღვევა, ვინ იყო იქ დამკვირვებელი, ვინ იყო სავარაუდო უფლებადამრღვევი. მტკიცებულებებია მოწმეთა ჩვენებები, საჩივრები, დამატებითი მასალები, საჯაროდ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებები. საჩივრები ისეა დაწერილი, ერთობლიობაში თითოეულ საჩივარს დამატებითი მტკიცებულებები ახლავს, შესაბამისი ლინკი აქვს მითითებული, სადაც შეუძლია გაეცნოს პროკურატურა, საგამოძიებო ორგანო არის თუ არა დამატებითი მტკიცებულებები, “ფლეშკით” გადავეცი შესაბამისი ფოტო და ვიდეომტკიცებულებები, ასევე ჩვენი დამკვირვებლების ასობით საჩივარი, დავუტოვეთ ყველაფერი.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი და მთხოვენ დავუმტკიცო, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს პირიქით უნდა იყოს, ისინი არიან გამომძიებლები და მათი ინტერესი უნდა იყოს ყველა ინფორმაციაზე დროული რეაგირება. ვფიქრობ, იმაზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ, ვიდრე ოდესმე ჰქონია სადამკვირვებლო ორგანიზაციას”,- განაცხადა ლომჯარიამ.