რუსთავში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი 2024-ის საზეიმო დახურვის ღონისძიება გაიმართა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით აღდგა და წელს პირველად გაიმართა.
ინფორმაციის თანახმად, რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის მოწყობილ სპეციალურ სივრცეში, ის კომპოზიციები და სკულპტურები იყო განთავსებული, რომლებსაც წელს უცხოელი და ქართველი ხელოვანები, 20 დღის განმავლობაში ექსკლუზიურად ქალაქისთვის ქმნიდნენ. ღონისძიება რუსთავის მერმა გახსნა, ნინო ლაცაბიძემ სიმპოზიუმის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცა. საზეიმო დახურვის ღონისძიებაზე, ხელოვანებმა უკვე დასრულებული ნამუშევრები, შეკრებილ საზოგადოებას თავად წარუდგინეს.
„რუსთავში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი-2024 ნამდვილად შედგა. დღეს ალბათ არის ყველაზე სასიამოვნო და ლამაზი დღე, დასასრული იმ პროცესის, რომლის შედეგსაც მთელი ქალაქი სულმოუთქმელად ელოდა. ჩვენ 90-იან წლებში დაწყებული ტრადიცია აღვადგინეთ და დღეს ექსკლუზიურად შექმნილი 14 ქანდაკება შეემატა რუსთავს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ენერგია, დრო და ფინანსები გადავანაწილოთ იმ სფეროებზე, რომლებიც რუსთავის ევროპულ ქალაქად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
მერიის განმარტებით, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის დახურვის საზეიმო ღონისძიებას, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, სკულპტორები, ხელოვნებათმცოდნეები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„შესანიშნავი ტრადიცია აღდგა რუსთავში. რუსთავის კულტურული განვითარებისთვის, ხელოვნების ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნიკალური და ექსკლუზიურად შექმნილი სკულპტურები და კომპოზიციები შეემატა ქალაქს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია, მომავალ წლებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.
ინფორმაციის მიხედვით, ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სიმპოზიუმის სივრცეში მაია ბარათაშვილის მონაწილეობით, ჯაზის საღამო გაიმართა.
ქართველ და უცხოელ სკულპტორებს, რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულმა სივრცემ, პირველად გასული საუკუნის 90 -იან წლებში უმასპინძლა. 14 კომპოზიცია და ქანდაკება, რომელსაც წელს 14 ხელოვანი სპეციალურად რუსთავისთვის, 8 ივნისიდან 20 დღის გამავლობაში ქმნიდა, ქალაქის სხვადასხვა ადგილზე განთავსდება.