ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაციული მანქანა, რომელიც უკვე ვიცით, რომ არ იწერება და იგეგმება საქართველოში, არამედ ის პირდაპირ მოდის რუსეთისგან. როდესაც „ქართულ ოცნებას“ უჭირს გამოსავლის გამონახვა, მას რუსული სპეცსამსახურები მიეშველებიან ხოლმე, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მსგავს მეთოდებს ხშირად მიმართავს და ამაში ახალი არაფერია და როდესაც მათ უჭირს საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია, ხელისუფლება ყოველთვის მიმართავს დეზინფორმაციული შეთქმულების თეორიებს.
„წლების მანძილზე დაკვირვებამ გვაჩვენა ის, რომ ყოველთვის, როდესაც „ქართულ ოცნებას“ უჭირს საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია, მიმართავს დეზინფორმაციული შეთქმულების თეორიებს. გვახსოვს მსგავსი განცხადებები 2014 წლიდან, მათ შორის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, ანონიმური განცხადებები, არეულობის მოწყობის მცდელობები. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაციული მანქანა, რომელსაც დღეს უკვე ვიცით, რომ არ იწერება და იგეგმება საქართველოში, არამედ ის პირდაპირ მოდის რუსეთისგან. როდესაც „ქართულ ოცნებას“ უჭირს გამოსავლის გამონახვა, მას რუსული სპეცსამსახურები მიეშველებიან ხოლმე. ისინი მოუგონებენ ხოლმე ისეთ თემებს, როგორიცაა, „გარეჯი საქართველოა“, ხან რუსულ რუკებს, ხან ახალ საფრთხეებსა და კერებს“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის მიერ პაველ ჰერჩინსკისთვის მიწერილ წერილს, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს აკრიტიკებს იმის გამო, რომ „არაფერს ამბობენ ზიზღსა და ძალადობაზე, რომელსაც ქვეყანაში აქვს ადგილი“, ნინო კალანდაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიზანს წარმოადგენს ევროკავშირი თავის მართლების მუდმივ რეჟიმში ამყოფოს და ამით რეალურად აქტუალური თემები გადაიფაროს.
„პაპუაშვილის ეს გზავნილები მიმართულია იმისკენ, რომ ბრიუსელმა თავი იმართლოს და აბსურდს აბსურდი უწოდოს და არ ისაუბროს იმ თემებზე, რაც რეალურად არის სასაუბრო. მათ სურთ ევროკავშირმა არ ისაუბროს იმაზე, რომ რეჟიმი ვერ ახერხებს ლეგიტიმაციის მოპოვებას, ვერ ახერხებს იმ სიტუაციიდან თავის დაღწევას, რასაც ჰქვია საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა, ვერ ახერხებენ იმის მოწესრიგებას, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად უამრავი ბავშვი იღუპება და საქართველო არის უპატრონოდ. ეს არის სწორედ ამ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მიზანი. მათ სურთ, რომ ევროპამ თავი იმართლოს და იძახოს „ჩვენ აქლემები არ ვართ“. ახლა მათ მოიგონეს, რომ ბრიტანეთიდან საფრთხეა და სურთ გამოვიდეს ბრიტანეთი და თავი იმართლოს. „ქართული ოცნების“ ეს პროპაგანდა გათვლილია მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშს, კალანდაძე აღნიშნავს, რომ ის სრულიად ასახავს რეალობას და სწორედ ამაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ ურთიერთობებს განაგრძობს სხვა ქვეყნებთან.
„ეს ანგარიში ასახავს რეალობას. ის აღწერს ფაქტობრივ მდგომარეობას და ეს ანგარიში არის საფუძველი იმისა, თუ რატომ არ გადადის ევროკავშირი ჩვეულ ურთიერთობაში დე-ფაქტო მმართველებთან. ბრიუსელს აქვს უფლება, კრიტიკულად შეაფასოს სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულის ქმედება. ამ შეფასებებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ ურთიერთობებს განაგრძობს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან. ეს ანგარიში ეგზავნებათ ევროპის დედაქალაქებს და არის იმის სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა ეურთიერთონ თბილისს. იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ეძებს გზებს ლეგიტიმაცია მოიპოვოს ვაშინგტონისა და ბრიუსელისგან, მათ მოუწევთ ყურადღებით მოუსმინონ თუ რა სათქმელი აქვთ მათ.
ევროპარლამენტს აქვს ერთიანი პოზიცია და ის გადაწყვეტილებებს არ იღებს ევროკავშირის დედაქალაქებთან კონსულტაციების გარეშე. ნებისმიერი ევროპარლამენტარი, რომელიც დღეს პოზიციას აჟღერებს საქართველოზე, ეს არის ერთიანი ევროპული პოზიცია. საქართველო ვერ იქნება მისი ნაწილი, თუ ქვეყანაში არ იქნება დემოკრატია. თუ „ქართულ ოცნებას“ სურს ევროპასთან კომუნიკაცია მათ მოუწევთ მოუსმინონ ევროპარლამენტარების განცხადებებს“, – განაცხადა მან.
