იზოლაციის პოლიტიკა არ მომდინარეობს დასავლეთიდან, იზოლაციის პოლიტიკა საქართველოში გატარებული პოლიტიკის საპასუხოდ მომდინარეობს – დროა, მოცემულობას თავისი სახელი დაერქვას, რადგან თუ სწორი დიაგნოზი არ იქნება დასმული, იქიდან გამოსავალიც არასდროს მოინახება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ“ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, რეზოლუციაში ნახსენებია „ის რეალობა, რაც საქართველოშია“.
„როგორც არ უნდა მოინდომოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ თუ რუხაძის „ოცნებამ“ რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ვითარება წარმოაჩინოს, ფაქტია, რომ კრიზისი ყოველდღიურად ღრმავდება; ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ იზოლაციის პოლიტიკა სულ უფრო ხელშესახები ხდება. აქამდე თუ ეს იყო დეკლარაციების დონეზე, ახლა ვხედავთ, რომ რეზოლუციებს მოჰყვება ქმედებები. ქმედებებში გადათარგმნილი საერთაშორისო პოლიტიკა ნიშნავს, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროსგან ბევრად უფრო შორს აღმოჩნდება არა თუ ჩვენ როგორც წარმოვიდგენდით, არამედ ვიდრე ეს რეალობა საქართველოში ოდესმე ყოფილა. ეს დამატებით კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს.
რეზოლუციაში ნახსენებია ის რეალობა, რაც საქართველოშია. ეს არის იმ სურათის ამსახველი, რა რეალობაშიც საქართველოს მოქალაქეები ვცხოვრობთ – გაყალბებული არჩევნების შედეგად ძალაუფლება მიტაცებული რეჟიმის მიერ მიღებული ანტისახელმწიფოებრივი, ანტიჰუმანური, ანტიეროვნული, ანტიდასავლური გადაწყვეტილებები. იზოლაციის პოლიტიკა არ მომდინარეობს დასავლეთიდან, იზოლაციის პოლიტიკა მომდინარეობს საქართველოში გატარებული პოლიტიკის საპასუხოდ. ცალსახად მტკივნეული პროცესია, როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად და სოციალურად. დროა, მოცემულობას თავისი სახელი დაერქვას, რადგან თუ სწორი დიაგნოზი არ იქნება დასმული, იქიდან გამოსავალიც არასდროს მოინახება“,- განაცხადა ნინო კალანდაძემ.
გარდა ამ თემისა, კალანდაძემ აზიურ ქვეყნებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ვიზიტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები „სასოწარკვეთის გამოვლინებაა“.
კალანდაძე ასევე, გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს და აღნიშნა, რომ რუსეთს რეგიონში ძალაუფლების გამყარება სურს.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ომის შემდგომი პერიოდისთვის ემზადება. მას იმის გათვალისწინებით, როგორ წარიმართება უკრაინაში ომი, იმ მომენტისთვის უნდა იყოს მზად, რომ რეგიონში ძალაუფლება გამყარებული ჰქონდეს. ამისთვის ცდილობს ის, რომ ივანიშვილს შეუნარჩუნოს ძალაუფლება საქართველოში, რადგან ამ შემთხვევაში, თბილისი განმსაზღვრელია. ალიევის პირობებში აზერბაიჯანი, პრაქტიკულად, ჩამოშორებულია რუსულ გავლენებს. როგორც ჩანს, სომხეთიც იკარგება მათი გავლენის სფეროებიდან, მათ შორის, აზერბაიჯანი-თურქეთის ახალი სტრატეგიული ალიანსის პირობებში. ამიტომ, რუსეთს განსაკუთრებული საყრდენი სჭირდება თბილისში და შესაბამისად, თბილისის კონტროლი ივანიშვილისა და ოკუპირებული ტერიტორიების გზით. აშკარაა, რომ კავკასიის რეგიონში მხოლოდ საქართველოღა დარჩა, რომელიც პუტინმა პოტენციურ საყრდენად შეიძლება მოიპოვოს. თუმცა მასზე გავლენა თუ მოიპოვა, ის შესაბამისად, დერეფანს აკონტროლებს და ზღვაზე მისასვლელი რჩება, რაც მისი სტრატეგიული ინტერესია. ამიტომ, აფხაზეთში პროცესები როგორც მიმდინარეობს, მათ შორის, ქონების დაჩქარებული წესით შესყიდვა, გადაფორმება, რუსული ინტერესების გაძლიერება და სტრატეგიულ ობიექტებზე გავლენის აღდგენა, ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აღნიშნა კალანდაძემ.
