წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა – სოციალურ მედიაში მოქმედმა ქსელმა, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული, ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია გაააქტიურა – ამავე პერიოდში მმართველი პარტიის მხრიდან ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური გზავნილები იყო აქტუალური,- ამის შესახებ ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.
ბრიფინგზე საუბრისას დოლიძემ საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაგარემო პოლარიზებულად შეაფასა.
ამასთან, როგორც დოლიძემ განმარტა, „წინასაარჩევნო გარემო ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების/დამუშავებისა და მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სავარაუდო შეგროვების ფაქტებმა დააზიანა”.
„მოახლოებულ არჩევნებს ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტად მიიჩნევენ ძირითადი პოლიტიკური გაერთიანებები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმადაც სახავს – მმართველი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”არჩევნებს ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად მიიჩნევს, ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი მას ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ მომავალსა და საერთაშორისო იზოლაციას ან/და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას შორის არჩევანს უტოლებენ.
არჩევნები ოფიციალურად 27 აგვისტოს დაინიშნა, თუმცა მანამდე მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებაზე. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში შეხვდა, რომელსაც წინ უძღოდა ქართული საზოგადოების უწყვეტი პროტესტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მკაცრი კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტის მიერ 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელმეორედ ინიციირებული კანონპროექტის მიღება და პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა.
ამ კანონის მიღებას თან ახლდა სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო უპრეცედენტო მასშტაბის დისკრედიტაციული კამპანია, ასევე ხელისუფლების კრიტიკოსების დაშინების მცდელობა, მუქარის შემცველი ზარები და ფიზიკური თავდასხმებიც. სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო გზავნილები მოგვიანებით მმართველი პარტიის მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიაშიც აისახა.
წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო მმართველი პარტიის მხრიდან ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური გზავნილები. ამას დაემატა ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. ხელისუფლების მიერ გადადგმულ ადამიანის უფლებათა შემლახავ და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელ ნაბიჯებს შორის იყო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“კანონის მიღება.
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა და საარჩევნო სია წარადგინა 18-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ყველა პარტიას მეტ-ნაკლებად შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე მმართველი პარტიის ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ძირითადი ოპოზიციური გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას დაჰპირდნენ”,- აღნიშნა დოლიძემ.
მისივე თქმით, მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსების გამო „მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა“.
„წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა მის მხარეს არსებული ადმინისტრაციული რესურსების გამო. ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალური, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროგრამისა და პროექტის ინიციირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის სააგიტაციო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას. წინასაარჩევნო გარემო დააზიანა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების/დამუშავებისა და მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სავარაუდო შეგროვების ფაქტებმა, რაც წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლისა და ამომრჩევლის ნების გამოხატვისთვის ხელისშეშლის მცდელობას. ასევე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვებამ.
კამპანიის დროს დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის, მუქარის ან/და დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრისა და მისი დაზიანების მცდელობის, პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები.
საპარლამენტო არჩევნებს წინ უძღოდა საარჩევნო კანონმდებლობაში შესული არაერთი ცვლილება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში განხორციელდა დაჩქარებულად და ჩართული მხარეების სრულყოფილი მონაწილეობის გარეშე. განხორციელებულ ცვლილებებს შორის აღსანიშნავია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის გაუარესება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო კვორუმის კვალიფიციური უმრავლესობიდან უბრალო უმრავლესობამდე დაწევა, გენდერული კვოტირების გაუქმება და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრების ვადის ცვლილება.
ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციის მიუხედავად, ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრობის კანდიდატებს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე არჩევს და წარუდგენს პარლამენტს, რომელსაც, თავის მხრივ, უბრალო უმრავლესობითაც შეეძლება კანდიდატების სრული ვადით, 5 წლით, არჩევა. ცვლილებებით, ასევე, გაუქმდა ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელსაც ოპოზიციის მიერ დანიშნული ცესკო-ს წევრებიდან ირჩევდნენ. 2024 წლის 30 აპრილს პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და სამი წევრი უბრალო უმრავლესობით აირჩია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაგარემო პოლარიზებული იყო. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კომისიის საქმიანობის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებისა და მისი ინსტრუმენტალიზების რისკები შექმნა, კრიტიკულ მედიასაშუალებებთან მიმართებით.
არჩევნების წინ, ქვეყნის შიგნით არსებული დეზინფორმაციული და საინფორმაციო მანიპულაციების პარალელურად, მნიშვნელოვნად გააქტიურდა რუსული საინფორმაციო ოპერაციები პოლიტიკურ პროცესებში. სოციალურ მედიაში მოქმედმა ქსელმა, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული და წინა წლებში, ძირითადად, ანტიდასავლურ გზავნილებს, კერძოდ კი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საწინააღმდეგო ნარატივებს ავრცელებდა, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია გაააქტიურა”,- განაცხადა ნინო დოლიძემ.