ჩვენ არც „რუსულ კანონს“ დავემორჩილეთ და რაც არ უნდა მცდელობა იყოს „ქართული ოცნების“ მხრიდან მოგვაწებოს ამ ქვეყნის მტრისა თუ აგენტის იარლიყი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ დავემორჩილებით! – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, საქართველოში აშშ-ის „ფარას“ „სიტყვა-სიტყვით“ გამოტანის შესახებ „ქართული ოცნების“ გეგმაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება „ქართული ოცნებისთვის“ საფრთხეს წარმოადგენს, იმიტომ, რომ სიმართლეს საუბრობს.
„ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ცდილობს ქვეყანაში თავისუფლების შემზღუდველი კანონების მიღებას. ჯერ კიდევ „რუსული კანონის“ ინიცირება ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო და სხვა კანონებიც, რომლებიც, მაგალითად, ახალი წლის პერიოდში მიიღეს. ამის გაგრძელებაა „ფარა“ იქნება თუ მედიის წინააღმდეგ კანონი, რომელიც ჯერ არ გვინახავს. ამას მე ყველას ერთიან კონტექსტში განვიხილავ – ეს არის თავისუფალი სიტყვის, განსხვავებული აზრის, შეკრების, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, რომ თუკი სადმე სივრცე არის დარჩენილი პროტესტის, განსხვავებული აზრის ამ ქვეყანაში, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი შეზღუდოს და მოახდინოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია.
იცით, რომ ჩვენ არც „რუსულ კანონს“ დავემორჩილეთ და არც აგენტის იარლიყს მივიწებებთ. ჩვენ მხოლოდ საქართველოს ვემსახურებით და ამიტომ რაც არ უნდა მცდელობა იყოს „ქართული ოცნების“ მხრიდან მოგვაწებოს ამ ქვეყნის მტრისა თუ აგენტის იარლიყი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ დავემორჩილებით. ჩვენ მხოლოდ ჩვენს ქვეყანას ვემორჩილებით. ამ სადამსჯელო მექანიზმებითა და დაშინებით ვერავის გატეხენ. ყველამ კარგად ვიცით, რა ტიპის ბრძოლაში ვართ – ჩვენ ვართ ქვეყნის გადარჩენის ბრძოლაში. უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ისინი კონსპირაციული თეორიებით, საინფორმაციო მანიპულაციებით ცდილობენ მათი მხარდამჭერებისა თუ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ, თითქოს, აქ სამოქალაქო საზოგადოება რაღაცას გეგმავს. საზოგადოება კარგად ხედავს ჩვენ რას ვაკეთებთ. დღეს ქუჩაში დაჯარიმებულ ადამიანებს სამოქალაქო საზოგადოება იცავს, კორუფციას სამოქალაქო საზოგადოება ამხელს. არჩევნებს სამოქალაქო საზოგადოება იცავს და ა.შ. ჩვენ წარმოვადგენთ საფრთხეს „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ ვსაუბრობთ სიმართლეს“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
ამასთან, როგორც ნინო დოლიძემ აქციის მონაწილეების დაჯარიმებასა და ბოლოდროინდელ თავდასხმებთან დაკავშირებით აღნიშნა, სხვადასხვა მექანიზმის გამოყენების მიზანია საპროტესტო მუხტი როგორმე ჩაქრეს.
„არა პოლიციით, არამედ „ტიტუშკებითა“ და თავდამსხმელებით მომიტინგეებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ გადადგმული ქმედებები, ატარებს დაშინების მცდელობას. ეს ხდება იმისთვის, რომ მოქალაქეები არ გამოვიდნენ. სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება ხდება ამ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომ საპროტესტო მუხტი როგორმე ჩაქრეს. ამასთან, ეს ყველაფერი მეორე უფრო საშიშ პრეცედენტზე საუბრობს – ორმაგი, განსხვავებული სტანდარტი არსებობს საგამოძიებო უწყებების მხრიდან. როგორი სამართალწარმოებაა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩას კეტავენ და როგორი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან, ბიტებით მოქმედებენ. მათ მიმართ როგორი ლოიალური და შემწყნარებელია „ქართული ოცნების“ რეჟიმი. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მათ დღის წესრიგსა და პოლიტიკას ატარებენ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ვინმე „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს ატარებს, მათთვის ყველაფერი შესაძლებელია, თუნდაც ეს იყოს თავდასხმა და ისინი, ვინც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არიან, თუნდაც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ, მათ მიმართ ყველანაირი სადამსჯელო მექანიზმები არის გამოყენებული, უკიდურესად მძაფრად. „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად, საზოგადოებას ეუბნება, რომ შენ თუ ჩემ წინააღმდეგ იქნები, მე ყველაფერს გამოვიყენებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგსაჯო. ხომ აბსურდულია, გზის გადაკეტვაზე 5 ათასი ლარი?! და ისეთი დანაშაულები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულებია, ვხედავთ უფრო ლოიალურ მიდგომას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კი შენ ჩემ მხარეს იქნები, გეპატიება ბევრი რამ. ეს არ არის ის სტანდარტი, რისკენაც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში მიილტვოდა. ეს ძალიან უკან ხევს საქართველოს როგორც საზოგადოების, ქვეყნის განვითარებას, 90-იანი წლების განვითარებას მაგონებს.
ამხელა ჯარიმა გზის გადაკეტვისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ეს არის პირდაპირი ფინანსური ტიპის მექანიზმი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომ ამით მოახერხონ პროტესტში მონაწილე დემონსტრანტებისა და ადამიანების მუხტის დაცემა. ფიზიკურად შეუძლებელია ადამიანებმა ეს თანხა გადაიხადონ, იმ ფონზე, როცა საარსებო მინიმუმს რამდენჯერმე აღემატება. საშუალო ფენის მოქალაქეების შემოსავალთან მიმართებითაც აბსოლუტურად არაადეკვატურია ამ თანხის გადახდა. ესეც არის მიზანი, რომ ადამიანები გატეხონ. ძალიან დასაფასებელია, რომ ამისთვის არსებობს რამდენიმე ფონდი. არ მგონია, რომ ვინმე უნდა დარჩეს ამხელა ჯარიმის პირისპირ. ჩვენი რეკომენდაცია ამ ადამიანებისთვის არის, რომ აუცილებლად გაასაჩივრონ. ეს გასაჩივრება მათ შორის დროშიც გადაავადებს პროცესს და „ქართული ოცნებისთვის“ არის დიდი ადმინისტრაციული წნეხი“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
