„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელის ნინო დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, უკანონოდ თუ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესებს მესამე – ნეიტრალური მხარე აკვირდებოდეს.
როგორც დოლიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განმარტა, ამისთვის საერთაშორისო მექანიზმები არსებობს, მათ შორის არის ეუთო/ოდირი, რათა მიუკერძოებელი, გარე მხარის დასკვნა არსებობდეს.
„სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად ეუთო/ოდირის მზადყოფნისა, პატიმრების სასამართლო პროცესების მონიტორინგი განახორციელოს, “ქართული ოცნება“ მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა ადამიანის უფლებების უკიდურესი გაუარესება, ერთ-ერთი მიმართულება კი, უკანონო თუ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესები. მნიშვნელოვანია, ეს პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს და მოქალაქეებს ჰქონდათ ინფორმაცია, როგორ მიდის პროცესები. ამისთვის საერთაშორისო მექანიზმები არსებობს, მათ შორის ეუთო/ოდირის შეფასება და მონიტორინგი, რათა გვქონდეს მიუკერძოებელი, გარე მხარის დასკვნა, თუ რამდენად სამართლიანად წარიმართა ეს პროცესები.
პროცესების შიგნიდან დაკვირვება გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ვხედავთ უამრავ ცრუ მოწმეს, მტკიცებულებების არარსებობას. ამის მიუხედავად ვხედავთ, რომ ადამიანებს ციხეში დიდი ვადით უშვებენ. არა გვყავს ნეიტრალური შემფასებელი, რომელიც იტყოდა, რომ თუნდაც მართალია ან არ არის მართალი სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებებში.
“ქართული ოცნებისთვის“ ეს სასამართლო პროცესები პრობლემურია. ხედავენ, რომ სათანადოდ არ არის დასაბუთებული, არ არის მტკიცებულებები ამ საქმეებში. ისინი ცდილობენ არ ჰყავდეთ გარე დამკვირვებელი ეუთო/ოდირის სახით, რომელიც შეფასებებს გააკეთებდა, მეორე მხრივ, ცდილობენ საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია ჰქონდეს, მედია არ იყოს დაშვებული. იკვეთება, რომ მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვისაც არ არის სასიამოვნო ამ ყველაფრის ხილვა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს დაუსაბუთებლად უშვებენ ციხეში“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას დოლიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ოპოზიციის ლიდერები წინასაარჩევნო პერიოდში ციხეში არიან, ასეთ არჩევნებს დემოკრატიულ არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს.
მისივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია გაყოფილია.
“ერთადერთ არჩევნებს, რომელსაც მხარს ვუჭერ, ახალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება – როდესაც ცესკო იქნება დამოუკიდებელი, დამოუკიდებელი უწყებებით; ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, კამპანიაში სრულად ჩაერთოს, ხოლო ქართველი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად, თავისუფლად, შიშის გარეშე შესძლებს. ეს არის ჩემი ერთადერთი სურვილი არჩევნებთან დაკავშირებით!
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სამწუხაროა, რომ აქ ოპოზიცია გაყოფილია. ვფიქრობ, ამ ბრძოლაში ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს“ – განაცხადა ნინო დოლიძემ.
მან ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებაც შეაფასა. დოლიძის განცხადებით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად პოლიტიკურად მოტივირებულია ყველა ტიპის გადაწყვეტილება ქვეყანაში.
“ამ ადამიანების დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. დღეს, თუ ეს ადამიანები “ქართული ოცნებისთვის“ სასურველ ინტერესს გაატარებენ, გაათავისუფლებენ, ამისთვისაც მზად არიან. ეს აჩვენებს, რამდენად პოლიტურად მოტივირებულია პროცესი. ამას არაფერი აქვს საერთო კანონთან და სამართლიანობასთან. ვიცით პოლიტიკური ლიდერები ციხეში დღეს რატომ არიან – ისინი არ აღიარებენ გასულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელზეც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც ვთქვით, რომ არ იყო სამართლიანი, თავისუფალი და ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. ასევე, კანონდარღვევით არის შექმნილი ის კომისია, რომელიც ამ საქმეებს იძიებს.
სავარაუდოდ, “ქართულ ოცნებას“ სურს, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლის თვალში გარკვეული ტიპის ლეგიტიმაცია და ამაში ოპოზიციის მონაწილეობა.
ძალიან კარგად იციან, რაც არ უნდა ცუდი არჩევნები ჩაატარონ, მაშინ როდესაც ოპოზიციის ლიდერები წინასაარჩევნო პერიოდში ციხეში არიან, ასეთი ტიპის არჩევნებს საერთოდ არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ არჩევნებთან“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი შეფასებით, ამ თვალსაზრისით გამორჩეულია „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმე.
“ის ყოველთვის სამართლიანად აშუქებდა მიმდინარე პროცესებს. მეორე მხრივ, ის არის ფიგურა ამ პროცესში,რომელმაც შეინარჩუნა სიმტკიცე, იცავს თავის სიმართლეს და არანაირად არ გატყდა. ბოლომდე აპირებს ბრძოლას იმისთვის, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს და ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი იყოს. მასშტაბურია მზია ამაღლობელის საქმე – ის საქართველოს ფარგლებს გასცდა. მას „ქლუნების“ ორგანიზაცია აკვირდება. არა ერთ საერთაშორისო ასპარეზზე დავინახეთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებები. ხედავენ, ეს თემა რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს. ის არის მედიის წარმომადგენელი და ცდილობენ, როგორმე ეს საკითხი მოაგვარონ. დარწმუნებული ვარ, მზია ამაღლობელი ბოლომდე იბრძოლებს“, – განაცხადა დოლიძემ.
რაც შეეხება კითხვას, უნდა მოიხადოს თუ არა მზია ამაღლობელმა ბოდიში, ნინო დოლიძემ განმარტა, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.
“ის, რომ “ქართული ოცნება“ ბოდიშს ითხოვს, კიდევ ერთხელ აჩენებს, რომ სურთ, საზოგადოების თვალში მზია ამაღლობელი და მისი ბრძოლა დააკნინონ და ამით ამ პროცესში უპირატესობა მოიპოვონ. სხვაგვარად, ძალიან ცუდად გამოიყურებიან.
ამაღლობელი უკვე არის ნამდვილად გმირი ქალი ჟურნალისტი, რომელიც იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის – იბრძვის იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ავტორიტარულ სახელმწიფოდ არ გადაიქცეს. ამიტომ, ის უკვე გამარჯვებულია ამ ბრძოლაში. არ ვიცი, როგორი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მჯერა, პროცესი “ქართული ოცნებისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი იქნება” – განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, მან შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებაც შეაფასა. დოლიძის განცხადებით, ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან პრობლემურია არსებული კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია.
“ხედავენ, რომ მათი ანგარიშსწორების ფონზე პირიქით, უფრო მეტად იზრდება მზია ამაღლობელის, „ბათუმელების“, თავისუფალი მედიის მხარდამჭერთა რაოდენობა. ამიტომ, ერთადერთი სურვილი აქვთ, გააქრონ ეს მედია, რომ ამით ყველაფერი დაფარონ და მიჩქმალონ. “ქართულ ოცნებას“ არ სურს არცერთი დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში ხმამაღლა საუბრობს, იქნება ეს მედია, სამოქალაქო საზოგადოება, აქტივისტები, პოლიტიკური პარტიები თუ ასე შემდეგ“, – განაცხადა დოლიძემ.
