ნინო დოლიძემ პროკურატურას ჩვენება სასამართლოში მისცა – ის მოწმედ გამოიკითხა NGO-ების წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში

“სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში – ამ გამოძიების ფარგლებში, რომლითაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ორგანიზაციებს საპროტესტო აქციების დაფინანსებას და საბოტაჟს ედავება, 27 აგვისტოს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. “სამართლიანი არჩევნები” ერთ-ერთი მათგანია.
“კითხვები ძირითადად შეეხებოდა საპროტესტო აქციებს, როგორც გასული წლის გაზაფხულის დროს, ასევე ნოემბერ-დეკემბერთან დაკავშირებით აინტერესებდათ, იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული ამ აქციების ორგანიზებაში და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან. ცხადია, კითხვები იყო იმ შესყიდვებთან დაკავშირებით და ჩემს განცხადებებთან დაკავშირებითაც.
ჩემი პასუხი იყო ის, რაც არის სიმართლე.
“სამართლიანი არჩევნები” მუდმივად, დაარსებიდან იცავს დემოკრატიას ქვეყანაში, იცავს ადამიანის უფლებებს, ის, რასაც ჩვენ ვახორციელებდით ამ აქციების დროს, მონიტორინგი იქნებოდა, იურიდიული დახმარება თუ ა.შ., სრულად ჯდებოდა ჩვენს საქმიანობაში, იყო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და ვახორციელებდით საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის დაცვას”, – თქვა დაკითხვიდან გამოსულმა ნინო დოლიძემ, რომელმაც პროკურატურაში მისვლას ჩვენების მისაცემად, სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა არჩია. მისი შეფასებით, დაკითხვა იყო კონსტრუქციული.
დოლიძის ადვოკატი გამოკითხვაზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე იყო. ის ამ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს და თვლის, რომ ამ საქმის რეალური მიზანი ზეწოლა და დაშინებაა.
“ეს იყო ზოგადი კითხვები და რა შეიძლება ამას მოჰყვეს, ნამდვილად ვერ გეტყვით. ის კითხვები, რაც პროკურატურას ჰქონდა, ამომწურავად არის პასუხგაცემული ნინო დოლიძის მხრიდან.
დაუშვებელია სახელმწიფო ასე იქცეოდეს და ასე უპირისპირდებოდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს”, – თქვა მან ნინო დოლიძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
რა საქმის ფარგლებში იბარებს გამოკითხვაზე პროკურატურა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს?
ეს არის გამოძიება, რომელიც საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის დასაწყისში დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“, პროკურატურას მიმართა „პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად“. ვატო შაქარაშვილმა, ნანა კაკაბაძემ და ამ ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებმა სახელმწიფოს ამ ბრალდებით 18 იანვარს მიმართეს.
ამ გამოძიებას ხმაურიანი სახელი აქვს – ბრალდებაში ფიგურირებს საბოტაჟი და მტრულ საქმიანობაში დახმარება.
პირველი შედეგი გამოძიების ფარგლებში 17 მარტს დადგა – ამ დღეს პროკურატურამ შემდეგი 5 ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა.
· საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
· საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
· საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
· არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“;
· არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“.
მაშინ პროკურატურა ამბობდა, რომ ამ ორგანიზაციებიდან გადარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებული იყო „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“ და სხვა.
ფონდების დაყადაღებას მოჰყვა ჩხრეკები ამ ფონდების ოფისებსა და მათი დამფუძნებლების სახლებში.
კიდევ შვიდი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები პროკურატურამ ამავე გამოძიების ფარგლებში 27 აგვისტოს დააყადაღა. ამჯერად ყადაღა დაედო შემდეგ ორგანიზაციებს:
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
· „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
· „დემოკრატიის მცველები“;
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
· „საფარი“;
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).
პროკურატურა კვლავ ამტკიცებს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები „კოორდინირებულად“ აფინანსებდნენ საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს 2024 წელს „სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებებისათვის“.
პროკურატურა ასევე წერს, რომ აღნიშნული ორგანიზაციების ფინანსები გამოყენებულ იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორებიცაა „სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, – რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს“.
ამ საქმის პროკურორი შალვა კოტრიკაძეა.
საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების ყადაღის გადაწყვეტილება, ვინაიდან მას აფასებენ, როგორც “თავდასხმას ფუნდამენტურ უფლებებზე” და “პოლიტიკური დევნის აქტს”.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებსაც პროკურატურის მოთხოვნით ყადაღა დაადეს, აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვის მიუხედავად, საქმიანობას განაგრძობენ.
მათი თქმით, კვლავ განაგრძობენ ბრძოლას „ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ“ და გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რომ „ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ“.