ნინო დათაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა საქმის მოსამართლის, სასამართლოსა და პროკურორის აცილებასთან დაკავშირებით ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა საქმის მოსამართლის, სასამართლოსა და პროკურორის აცილებასთან დაკავშირებით ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა.
მიღებული გადაწყვეტილება კალიჩენკომ ვრცლად განმარტა. მისი თქმით, სასამართლოს რომ საქმე ასცილდეს, ასეთი მუხლი არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუკი, ყველა მოსამართლემ განიხილა აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა და განმხილველი მოსამართლე არ დარჩა, ამის შემდეგ მოხდება აცილება და ის სააპელაციო სასამართლოს გადაეცემა.
კალიჩენკომ ასევე განმარტა, თუ რატომ არ აიცილა თავადაც საქმე. მოსამართლის თქმით, დაცვამ ვერ წარმოადგინა კონკრეტული გარემოება, რაც მასა და მანდატურებს შორის იერარქიულ დამოკიდებულებას, ნაცნობობას ცხადყოფდა და მხოლოდ საქალაქო სასამართლოში მუშაობა მისი აცილებისთვის საკმარისი ვერ იქნებოდა.
კალიჩენკოს განმარტებით, დაცვის მხარეს სამართლებრივი დასაბუთება, რომ მისი როგორც მოსამართლის ობიექტურობაზე ეჭვი არსებობს, არ წარმოუდგენია.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატი თამარ გაბოძე განმარტავდა, რომ საქმე განსახილველად სხვა სასამართლოს უნდა გადასცემოდა, ამასთან, აცილებული უნდა ყოფილიყო მოსამართლე ლელა კალიჩენკოც, რადგან ბრალდების ყველა მოწმე ამ სასამართლოს თანამშრომელი არის და სასამართლოს ობიექტურობასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ჩნდბოდა ეჭვები. მან პროკურორ მედია ცირუას აცილებაც მოითხოვა.
როგორც ადვოკატი განმარტავდა, ცირამუამ ყალბი ინფორმაციის საფუძველზე ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება განიზრახა, რაც მისი აცილების საფუძველი არის.
გაბოძის თქმით, პროკურორს დოკუმენტში მითითებული აქვს დათაშვილის ფსიქიკური არამდგრადი მდგომარეობა და ფსიქოაშლილობა, რაც მტკნარი სიცრუეა და ეს ტექნიკური შეცდომა არაა.
ადვოკატის განმარტებით, პროკურორმა ოფიციალურ დოკუმენტებში არასწორი ინფორმაცია შეიტანა, და მან გამოძიების ბოლოს გადაწყვიტა ნინო დათაშვილის დისკრედიტაცია.
თამარ გაბოძის თქმით, მან გენერალურ ინსპექციას მიმართა, რათა პროკურორის ქცევის კანონიერების საკითხი შეისწავლონ.
პროკურორი დაცვის მხარის არც ერთ შუამდგომლობას, არც სასამართლოს შემადგენლობის, არც პროკურორის აცილებასთან დაკავშირებით არ დაეთანხმა.
პროკურორ მედია ცირამუას განცხადებით, ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ მოუპოვებია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვიდრე თავად დაცვის მხარემ არ წარმოადგინა საჯაროდ.
პროკურორის თქმით, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ინიშნება ექსპერტიზა არამხოლოდ დოკუმენტაციის, არამედ პირის ქცევის საფუძველზეც, შესაბამისად ეს სტიგმატიზირება არ არის. ცირამუას განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი სტიგმა არ ყოფილა.
პროკურორის თქმით, ეს არც წამებას ემსახურება და არც სადამსჯელო ღონისძიებაა. როგორც პროკურორისგან გახდა ცნობილი, ნინო დათაშვილთან საექსპერტო კვლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ მოხდა. კერძოდ კი, ექსპერტს და ბრალდებულს შორის მოხდა გასაუბრება.
მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი პოზიცია არ გაიზიარა. აღნიშნულის შემდეგ ნინო დათაშვილმა მოსამართლეს მიმართა, პროკურორისთვის მითითება მიეცა, რომ მედიაში დეზინფორმაციას ნუ ავრცელებენ.
„პროკურორი მამაკაცი გუშინ მედიასაშუალებაში ამბობდა, ადვოკატებმა წარადგინეს ფსიქიკური დიაგნოზიო, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას”,- განაცხადა დათაშვილმა, რის შემდეგაც პროკურორების მისამართით განაცხადა – „ფსიქოემოციური ლაბილობა დიაგნოზი არ არის. ში იმეცადინეთ”,- განაცხადა ბრალდებულმა.
მას მოსამართლემ სკამზე დაჯდომისკენ მოუწოდა, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა.
„არ მინდა ბრალდებულის სკამზე ვიყო, რადგან თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ. არც ამ ბარიერში მინდა ყოფნა”,- განაცხადა დათაშვილმა.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.