ნინი სანადირაძე: და რას აკეთებდა ასეთს სოლიკო ვირსალაძე? ეს კითხვა ცალკე ტრაგედიაა, მეგობრებო

კულტურის პოლიტიკსა და მეხსიერების მკვლევარი, დოქტორი, კენეტ ჰადსონის 2025 წლის ჯილდოს მფლობელი, სამუზეუმო სფეროში ნინი სანადირაძე:

სოლიკო ვირსალაძის წინააღმდეგ აგორებული პროპაგანდისტული მანქანა დიდი ხანია დაქოქილია. მისი სამიზნე არა მხოლოდ, ჩემი საყვარელი გოგი ხოშტარია ან ელენე ხოშტარიაა – მთავარი სამიზნე ეროვნული კულტურა, კულტურული მემკვიდრეობა და ეროვნული სიმბოლოებია.
მთავარი პრობლემა ისევ წაკითხულისა და მოსმენილის გააზრებაა. რაც გვჭირს, ეს არ არის მხოლოდ პარტიული ბრძოლა ან პოლიტიკური დაპირისპირება – ეს არის განათლებისა და მორალის კრიზისი.
იმედის სიუჟეტებისა და სხვა პროპაგანდისტული არხების მსმენელები და მაყურებლები საინფორმაციო ომში არიან ჩათრეული: ისინი უსმენენ მიზანმიმართულად აგებულ სიძულვილის ენას და ნაბიჯ-ნაბიჯ კარგავენ განსჯის უნარს.
იქნებ ვიკითხოთ: რას ნიშნავს საავტორო ჰონორარი? რატომ არ უნდა ჰქონდეთ მემკვიდრეებს მისი მიღების უფლება – იქნება ეს დან, გვატემალიდან თუ სხვა ქვეყნიდან?
საავტორო ჰონორარი არ არის „პოლიტიკური პრივილეგია” – ეს არის შემოქმედებითი შრომის გაგრძელების და ნამუშევრის სიცოცხლის დამადასტურებელი. ეს ნიშნავს, რომ ერთხელ შექმნილი ნამუშევარი დღესაც ფასობს და მოქმედებს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ვინმეს ავტორის პიროვნება, ხასიათი თუ პოლიტიკური შეხედულება.
და რას აკეთებდა ასეთს სოლიკო ვირსალაძე?
ეს კითხვა ცალკე ტრაგედიაა, მეგობრებო.
სოლიკო ვირსალაძე XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სცენოგრაფი იყო, რომლის სახელიც ასოცირდება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო თეატრალურ და საბალეტო ხელოვნებასთან. კრიტიკოსები მას მოიხსენიებენ როგორც “ქართული სცენოგრაფიის პატრიარქს” და “ადამიანს, რომელმაც ცეკვას სამოსი შეასხა”.
1930-იან წლებიდან უკვე მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც გააფორმა როსინის „ვილჰელმ ტელი”, ზაქარია ფალიაშვილის „დაისი”, ბალანჩივაძის „მთების გული”, ადანის „ჟიზელი”, „შოპენიანა” და მინკუსის „დონ კიხოტი”. 1931 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხიშვილთან, შექმნა კოსტიუმები ქართული ნაციონალური ბალეტისათვის. მისი შექმნილი თამარ მეფის კოსტიუმი, რომელიც ვარძიის ფრესკების მიხედვით შექმნა, დღემდე რჩება ქართული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ.
1937–1962 წლებში ვირსალაძე ლენინგრადის კიროვის თეატრში მუშაობდა, სადაც 1945–1962 წლებში მთავარი მხატვარი იყო. 1964 წლიდან გარდაცვალებამდე (1989) კი მოსკოვის დიდ თეატრში იყო მთავარი სცენოგრაფი.
მისი შემოქმედება ყველაზე მეტად დაკავშირებულია ქორეოგრაფ იური გრიგოროვიჩთან. გრიგოროვიჩი ვირსალაძეს თავის თანაავტორად მიიჩნევდა. მათი ერთობლივი ნამუშევრებით საბალეტო სცენოგრაფიაში ახალი ეტაპი – „ფერწერული სიმფონიის” პრინციპი – დამკვიდრდა. ვირსალაძის ნამუშევრებმა მსოფლიო ბალეტის ვიზუალური ენა შეცვალა. ის აერთიანებდა ქართულ ტრადიციებსა და საერთაშორისო ბალეტის ტრადიციებს. მისი შემოქმედება დღესაც გამოიყენება როგორც თეატრალურ წარმოდგენებში, ისე საგანმანათლებლო რესურსებში.
დიახ, სოლიკო ვირსალაძე მხოლოდ ელენე ხოშტარიას ბაბუა არ არის. ელენე ხოშტარია სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა – და ეს კიდევ ერთი ვალდებულებაა.
მაგრამ ასე როგორ დავბრმავდით და დავყრუვდით?
ასე როგორ დავბრმავდით მოსმენელის გააზრების პრობლემა გვაქვს და არც სოლიკო ვირსალაძე ვიცით, არც სიმონ ჯანაშია, არც სხვა დიდი ადამიანები?
ასე როგორ დავბრმავდით, რომ მთავარი – საარჩევნო ბანერების დაცვა და გულის ფორმაში ჩაცმული გოგოები და ვიტონის თუ სხვა ჩანთები გახდა, როცა ვარძია ხანძარმა წაშალა, ყინწვისის ანგელოზი იატაკის ფერმა აიძულა გამქრალიყო, გელათი სამშობლოს უსიყვარულობითა და დაუდევრობით ნადგურდება, ატენი ევრორემონტს ეწირება ხოლო კულტურული მემკვიდრეობა ყოველდღე საფრთხეშია?
ჩვენ კიდევ იმას ვდარდობთ, ვის ქორწილში იყო გულის ფორმის გოგოების დერეფანი და რომელ მინისტრს დაიჭერენ და რატომ.
ასეა ზუსტად, ზუსტად ესაა მიზანიც და შედეგიც – თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი-გმირებად. ეს ზვიად გამსხურდიას სიტყვებია, რომელიც მგონი ჯერ კიდევ ყველას უნდა ახსოვდეს