ევროპა იყო, არის და დარჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და პარტნიორად, თავისი მრავალფეროვანი და განვითარებული კულტურით, – აცხადებს ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს ხელმძღვანელი.
ნინა კეკელიძის თქმით, საქართველო ევროპელ ტურისტებს ძალიან მოსწონთ და მათ ვიზიტებს ქვეყანაში ხელს უწყობს ის პირდაპირი რეგულარული რეისები, რომელიც ევროპის მრავალი ქალაქიდან საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ხორციელდება.
„ევროპის ქვეყნებს ძალიან მოსწონთ და უყვართ საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, არამხოლოდ დასვენებისთვის ასევე ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. ამ ყველაფერს ხელს უწყობს და ადასტურებს ის სტატისტიკა, რომელიც თვიდან თვემდე მზარდია. იმისათვის, რომ ქვეყანაში მეტი ევროპელი ტურისტი შემოვიდეს დიდ როლს თამაშობს ავიაციის სექტორი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში და პირიქით, ახორციელებს. შესაბამისად, მოლოდინები გაქვს, რომ მზარდი სტატისტიკა შევინარჩუნოთ და ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხობრივ ნაწილზე ვიფიქროთ, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტების რაოდენობა კარგია, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანია ხარისხიანი, კმაყოფილი ტურისტების ვიზიტები. რათა საერთაშორისო მოგზაურს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნების და მოგზაურობის სურვილი ისევ გაუჩნდეს. ამისთვის კი მნიშვნელოვანია განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სერვისის მომწოდებლების, პირველ რიგში, ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევა. და შესაბამისად შემდეგ, გეგმებში არსებულ გამოწვევებზე ერთობლივად მუშაობა“, – ამბობს ნინა კეკელიძე.
ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი არსებულ ჯავშნებზე დაკვირვებით აცხადებს, რომ შემოდგომის ტურიზმის მხრივ კახეთთან და თბილისთან ერთად მოთხოვნადია საქართველოს შავი ზღვისპირეთიც.
„შემოდგომისთვის კვლავ იტვირთება შავი ზღვის პირა რეგიონი, თუმცა დომინირებს კახეთი გამომიდინარე რთველიდან და ღვინის ტურიზმიდან. საქართველოს ღვინის უძველესი ტრადიცია გააჩნია და ღვინის ქვეყნად ვართ მოხსენიებული და ეს უცხოელი ტურისტებისთვის საინტერესოა. იტვირთება ასევე დედაქალაქი, იტვირთება ქუთაისი. რაც შეეხება ქვეყნებს თუ რომელი ქვეყნები გვსტუმრობენ, რა თქმა უნდა ევროპა და აზიის სხვადასხვა ქვეყანა. ჩინეთი საკმაოდ გააქტიურებულია, ასევე გააქტიურებულია ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მეზობელი ქვეყნები. ვფიქრობ. რომ სტატისტიკის შენარჩუნება და ხარისხის გაუმჯობესების ერთობლიობა ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს, როგორც შემოდგომის ისე ზამთრის ტურისტული სეზონისთვის“, – აცხადებს ნინა კეკელიძე.