ნიკო მანაგაძე: ნუ დაითვლით რომელ სინდისის პატიმარს რამდენ წელს გამოუტანს მანტიაში გამოწყობილი რომელიმე ბოროტი თოჯინა. ითვალეთ მხოლოდ დღეები, რომელიც გამარჯვებამდე რჩება

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე:
რამდენიმე რაღაც მინდა ვთქვა, დიდი ხანია
ხმა არ გამიღია და ზოგადად, დისტანცირებული ვიყავი პროცესებისგან.
მარტივი მიზეზი არსებობს: უბრალოდ არ მჯეროდა იმის, რასაც ამ თვეებში ვუყურებდით. არ მჯეროდა, რო ეს გზა რაღაც წერტილამდე მიდიოდა, წარმატებამდე მივყავდით, ან საერთოდ ჰორიზონტზე რაიმე მოჩანდა.. არ მჯეროდა და არ მჯერა ბევრი ადამიანის (პროცესში ჩართული აქტორის) გულწრფელობის და პოლიტიკოსების დიდი ნაწილის მხრიდან რეალური სწრაფვის არსებობის, რომ აქ და ახლა წერტილი დაესვას ივანიშვილის პროგრესირებად ავტორიტარიზმს საქართველოში.
ჩემი მკაფიო პოზიცია მაქვს იმაზე, რაც ბოლო თვეებში ქუჩაში ხდება და ამაზე იანვარ-თებერვლიდან მოყოლებული ვსაუბრობდი; მარტიდან უკვე საჯაროდ, ეთერებში, სოც. პლატფორმებზე, მაქსიმალურად ფრთხილად და სიხისტის გარეშე – ამ ყველაფრის შესახებ დეტალურად იცით.
ის, რომ პროცესებმა არაპროდუქტიულობიდან კონტრპროდუქტიული ხასიათი შეიძინა, დამნაშავეებზე საუბარს არ დავიწყებ. საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობად ვუყურებ ამას, მიუხედავად იმისა, ვინ რა როლი ითამაშა იმაში, რომ ყოველდღიური ბოლის გამოშვების საერთო ეროვნული მექანიზმი შეგვექმნა ქართულ რეალობაში.
რაც მთავარია, პირველივე დღიდან (და ახლა კიდევ უფრო მეტად) არ მჯეროდა მოთხოვნის: ბატონო ბიძინა, დაგვინიშნეთ თქვენი ძალაუფლების პირობებში თავისუფალი და სამართლიანი . თუ რამეზე შეიძლება “ერორდებოდეს” ადამიანი, ესაა ალბათ ნიმუში ჩემთვის.
რეალურად, არანაირი მოთხოვნა თუ თხოვნა არ მაქვს ივანიშვილთან. მე არ ველაპარაკები ხელისუფალს, რომელსაც რაიმეს შეასმენინებ, მორალურ წნეხს მოუწყობ და ერთ დღეს დემოკრატიულ რელსებზე დააბრუნებ, იმდენად, რომ ადგება და ისეთ არჩევნებს ჩაგატარებინებს (ლამის შენივე ხელით), რო ძალაუფლება მოგართვას. არანაირი არჩევნები ივანიშვილის პირობებში არ არსებობს და ილუზიაში ცხოვრების გაგრძელება, რო “ბიძინას ვაიძულებთ ასეთი არჩევნები ჩაატაროს”, შეურაცხყოფაა საკუთარი თავის და მისი ყულფში გაყოფა ლოდინის რეჟიმში, როდის მოგიჭერს ისე, რომ სუნთქვა საერთოდ შეუძლებელი გაგიხდეს.
ეს იყო მოთხოვნა 26 ოქტომბრის გაყალებებული არჩევნების შემდეგ – ჩაგვიტარეთ ახალი, სამართლიანი არჩევნები. 28 ნოემბერს (როცა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება გამოცხადდა) ადამიანები გამოვიდნენ ერთი მიზნით – არა იმისთვის, რომ ეთხოვათ ივანიშვილისთვის – “წადი!”, ან მით უმეტეს იმ მიზნით, რომ ახალი არჩევნები მოეთხოვათ, არამედ მკაფიო ამოცანით, საკუთარი ხელით გაეკეთებინათ ეს – ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების მოშორება უკანონოდ მიტაცებული ძალაუფლებიდან.
ოპოზიციამ მაშინ გათვლა გააკეთა გარე და შიდა წნეხის კონსენსუსურობაზე ერთი მოთხოვნის ირგვლივ – ახალი, თავისუფალი არჩევნების დანიშვნა, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს – ეს მარტივი და დიპლომატიური პირობა იქნებოდა დასავლელი პარტნიორებისთვისაც ივანიშვილისთვის წასაყენებლად და ქვეყნის შიგნით ბიზნეს ელიტისთვისაც, რომელიც მაშინ გააქტიურდა იმ პოტენციური საფრთხის გააზრებით, რაც ქვეყნის ეკონომიკას ემუქრებოდა იმ მასშტაბის კრიზისის, თუ ესკალაციის გაგრძელების პირობებში (და ისინი შესაძლოა წნეხის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გამომდგარიყვნენ ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმთან მიმართებაში). მაგრამ როცა დაინახე, რომ ეგ ფაზა დასრულდა და ილუზიისთვის თავი უნდა დაგეღწია, აღმაშფოთებალად გაუგებარია ქუჩიდან ივანიშვილის მიმართ იმავე მოწოდებით სირბილის უსასრულოდ გაგრძელება: დაგვინიშნე ახალი, უკეთესი არჩევნები.
ყველა, ვინც დღეს ამ ილუზიაშია ჩარჩენილი, რომ ივანიშვილი ერთ დღესაც ადგება და ისეთ კონდიციაში ჩავარდება, დანიშნავს თავისუფალ არჩევნებს მისთვის არახელსაყრელ პირობებში და ასე ფაქტობრივად ძალაუფლების დათმობას მოაწერს ხელს, იდიოტია. ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი.
არჩევნებს დანიშნავს, აუცილებლად. ოღონდ დანიშნავს ისეთ პირობებში, როცა თვითონ ჩათვლის, რომ ჭირდება, ისევ აიფარებს ამ ფსევდო ოპოზიციას ლეღვის ფოთლად ფორმალური კონკურენციის უზრუნველსაყოფად და გაიფორმებს სუფთად იმას, რასაც ღამით ტკბილ სიზმრებში ხედავს.
ერთადერთი, რასაც ივანიშვილის კოშმარის დატრიალება შეუძლია, ჩვენი მხრიდან ამ ნაცრიდან თავის ამოყოფა, ცოტა შემოლაწუნება და გამოფხიზლებაა, თვითრეფლექსიაა. ივანიშვილის კოშმარია ქუჩაში გამოსული ადამიანების ცოცხალი ტალღა, რომელიც შეიარაღებულია გააზრებით, რომ ივანიშვილის მსგავს დიქტატორული ამბიციების მქონე კერპს ძალაუფლებას მხოლოდ ფიზიკური ძალით გააგდებინებს. დავივიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ ეს კაცი ყოვლისშემძლეა, უძლეველი და ცხრათავიანია. ერთი ხელის მძლავრი მოქნევით შეიძლება გააყრევინო ცხრავე თავი.
ვაპირებ იმის გაკეთებას, რაც 2022 წლიდან გავაკეთე, როცა არავის სჯეროდა, რომ სტუდენტების გამოფხიზლება და პოლიტიკური ბრძოლის ფრონტის ხაზზე მათ მიერ მედროშის ფუნქციის აღება შესაძლებელი იყო. არც ის იყო მარტივად წარმოსადგენი, რომ 2023 წელს ამ ახალგაზრდობას ქვეყნის მომავლისთვის (პირდაპირი მნიშვნელობით) ᲑᲠᲫᲝᲚᲘᲡ წინა ხაზზე ნახავდა მსოფლიო. ვერც იმას ვაჯერებდი ვინმეს 2024 წელს, სანამ არ გავაკეთეთ, რომ შესაძლებელი იყო ქვეყნის ყველა უნივერსიტეტში სტუდენტები საპროტესტო გაფიცვის რეჟიმში გადასულიყვნენ, კვირების განმავლობაში აუდიტორიები პროტესტის ნიშნად სრულად დაცარიელებულიყო და აკადემიური რუტინა ქუჩაში ყოველდღიური ბრძოლით ჩაენაცვლებინათ (მახსოვს, ტვ-ებთან ლაივში დაგეგმილი განცხადების გაკეთებისთვისაც არ მოვიდა ბევრი, იმდენად არ სჯეროდათ, რომ ამ ქვეყანაში უპრეცედენტო რამ მოხდებოდა და ორშაბათიდან ყველა აუდიტორია მართლა ცარიელი იქნებოდა, მოწოდების თანახმად).. მხოლოდ ამბიციური და თავზეხელაღებული ადამიანების რწმენით გამოდიოდა ყველაფერი, რასაც დავისახავდით.
არდადეგებზე წამოსვლის წინ რამდენიმე ადამიანს შევხვდი, მინდოდა რაღაცებში დარწმუნება. ბევრი ფიქრის დრო მქონდა, გადაფასების და ანალიზის.. ბევრ ადამიანს ველაპარაკე ამ დროის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ნაწილში არაფორმალურ სიტუაციებში და მქონდა საშუალება გვერდიდან/შორიდან შემეხედა იმისთვის, რაც, გულწრფელად, ძალიან ცუდადაც გამოიყურება და უიმედობის, უპერსპექტივობის და განწირულობის სუსხს ასხივებს.. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანას მხოლოდ სწრაფი და რევოლუციური ცვლილებები უშველის, გაწმინდავს და კათარზისს გამოიწვევს – მათ შორის, საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, სადაც მიტაცებული ძალაუფლების ავტორებმა ტალახი სულ ბღუჯა-ბღუჯა ყარეს და ლამის მის მენტალურ მდგომარეობად აქციეს ამ ტალახში გორიალი.
ვაპირებ დაველაპარაკო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ბრძოლაში გამომიცდია, გვაქვს განსხვავებები, მაგრამ ვხედავ, რომ ერთმანეთს შეგვიძლია გავყვეთ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ვინც ერთნაირად ვხედავთ გზას, რომელიც გასავლელია გამარჯვებამდე. არანაირი მოძრაობების და ორგანიზაციების დრო არაა ახლა, მხოლოდ გამბედავი და ამბიციური ადამიანების ერთობას შეუძლია ივანიშვილის კოშმარის ახდენა და ბრძოლისთვის გამარჯვების გვირგვინის მომენტალურად დადგმა.
ახლა, როცა ამ ქვეყნის მოქალაქეები ივანიშვილის აღვირახსნილი ვნებების გამო დგანან ევროინტეგრაციის პროცესში მოპოვებული მთავარი და ისტორიული პრივილეგიის დაკარგვის ზღვარზე, რომელიც მათ ყოველდღიურ და პრაქტიკულ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ხელშესახებ შესაძლებლობას წარმოადგენდა და უამრავი ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გამხდარა, არ შეიძლება რაიმეს ლოდინი გავაგრძელოთ და კიდევ გაუგებარ დროის ფორას ვაძლევდეთ ივანიშვილის ანტიქართულ და ანტიადამიანურ რეჟიმს.
“ბატონო ბიძინა, იქნებ წახვიდეთ” კი არა, – ავდგები და თავად, საკუთარი ხელით მოვისვრი – ამ განწყობის ადამიანებში მასობრივად გენერირება იქნება ჩემი პერსონალური ამოცანა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. ყველა იმ ახალგაზრდა სახის გაერთიანება, რომელსაც იცნობთ, ენდობით და გჯერათ. ვინც ვიცი, რომ წამოვა ბოლომდე და გამარჯვების ამბიციით.
საქართველოს გამარჯვების სეზონი დადგა!
ნუ დაითვლით რომელ სინდისის პატიმარს რამდენ წელს გამოუტანს მანტიაში გამოწყობილი რომელიმე ბოროტი თოჯინა. ეს მხოლოდ იმ მარიონეტის მომავალი სასჯელის ინდიკაციად გამოდგება.
ითვალეთ მხოლოდ დღეები, რომელიც გამარჯვებამდე რჩება.
შევხვდებით 4 ოქტომბერს, ქართული სახელმწიფოს და მისი ხალხის გამარჯვების დღეს.
მანამდე საქმეა გასაკეთებელი და გიწვევთ ამ შრომის ფერხულში, ბრძოლის და ნამდვილი გამარჯვების ხორუმის შესასრულებლად.
არ შეიძლება ბოროტების გამარჯვება დავუშვათ! ღმერთი გვფარავდეს კეთილ ბრძოლაში #საქართველოსთვის! ✊🏼❤️
ყველაფერი კარგად იქნება! 🇬🇪

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე – ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე – განაჩენი ჩვენ კი არა, საკუთარ თავებს გამოუტანეთ