ნიკოლ ფაშინიანი პუტინს – არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ – რუსეთის მოქალაქეების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ შეიძლება ისინი დეპუტატობის ან პრემიერობის კანდიდატები იყვნენ

ციხეებში პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არ გვყავს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ სომხეთში ციხეებში „რუსული პასპორტების მქონე ბევრი პოლიტიკოსია“.

„გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ციხეებში პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არ გვყავს“, – უპასუხა ფაშინიანმა.

ასევე, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 7 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

„მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ. რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, არ შეიძლება ისინი დეპუტატობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები იყვნენ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

🔻 ფაშინიანის თქმით, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, რუსეთის პასპორტის მქონე პირები ვერ იქნებიან ვერც დეპუტატობის და ვერც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები. მისი განმარტებით, ეს წესი ერთნაირად ვრცელდება ყველა ორმაგ მოქალაქეზე.