ნიკოლ ფაშინიანი – მშვიდობა უკვე დამყარდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ვაშინგტონის სამიტის საფუძველზე – ვმუშაობთ, რომ მშვიდობა აზერბაიჯანთან უფრო მეტად ინსტიტუციურ დონეზე გადავიდეს

მშვიდობა უკვე დამყარდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ვაშინგტონის სამიტის საფუძველზე. ვმუშაობთ, რომ მშვიდობა აზერბაიჯანთან უფრო მეტად ინსტიტუციურ დონეზე გადავიდეს. ამასთან, ყველა სატრანზიტო მარშრუტი გაიხსნება ერთი მეორეს მიყოლებით და ისტორიულ ცვლილებას მოუტანს ჩვენს რეგიონს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
როგორც მან განაცხადა, სომხეთი პოლიტიკურად მზადაა დღეიდანვე უზრუნველყოს ტრანზიტი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის ძირითადად ტერიტორიამდე და პირიქით.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელსაც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ჰქვია. თავისი სახელიდან გამომდინარე ეს ღონისძიება უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირებისთვის, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტებისთვის, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ ახალ იდეებს. ამ პლატფორმის შედეგად მოხდა მშვიდობის პროექტის ხორცშესხმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც პრინციპში გადაიქცა მხარდაჭერის მექანიზმად. მას ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა დაუჭირა მხარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული და საერთაშორისო, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო შესაძლებლობები განვავითაროთ არამარტო სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საშუალებით, არამედ საზღვრების გახსნით მათთან. მე სიხარულით ვადასტურებ, რომ დიდი წარმატება გვაქვს მიღწეული ამ მიმართულებით. 2025 წლის აგვისტოში -ის პრეზიდენტის ინიციატივით ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩემსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის მშვიდობის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა ასევე დონალდ ტრამპმა. ეს დეკლარაცია კონკრეტულად ეხება რეგიონულ კომუნიკაციას. ჩვენ ვაცხადებთ იმ დეკლარაციაში, რომ ხაზს ვუსვამთ კომუნიკაციის, ურთიერთობის, დიალოგის მნიშვნელობას ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ასევე, მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილურობის უზრუნველყოფას რეგიონულ ჭრილში, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით. ეს ძალისხმევა არის შეუზღუდავი დაკავშირებადობის უზრუნველსაყოფად აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით. ეს არის ორმხრივი ურთიერთობა საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი დაკავშირებადობისთვის. რა თქმა უნდა, ეს ციტირება რაც მოვახდინე ჩვენი მშვიდობის დეკლარაციიდან არის მნიშვნელოვანი. აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და განახორციელა ეს სულისკვეთება. აზერბაიჯანი უკვე ხსნის შეზღუდვას თავისი ტერიტორიის გავლით ჩვენ მიმართულებით სასაქონლო ბრუნვაზე და ეს გუშინ განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა. მე მადლობას ვუხდი მას ამ ნაბიჯისა და გადაწყვეტილებისთვის. მივესალმები ამ ინიციატივას. ასევე, მახარებს იმის თქმა, რომ პოზიტიური დიალოგი გვაქვს თურქეთსა და ჩვენს რესპუბლიკას შორის, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ ჩვენი საზღვარი გაიხსნება. აქვე მინდა დავადასტურო, რომ არამარტო პოლიტიკურად, არამედ ტექნიკურად მზად ვართ იმისთვის, რომ ტრანზიტი მოხდეს საქონლის დღეიდანვე. ნამდვილად დღეიდან შეგვიძლია გავატაროთ ტვირთბრუნვა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გამოყენებით. სახმელეთო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა მზადაა ამისთვის. პოლიტიკურად მზად ვართ უზრუნველყოთ ტრანზიტი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის ძირითადად ტერიტორიამდე და პირიქით. პოლიტიკურად უკვე მზად ვართ, რომ სარკინიგზო ტრანზიტიც უზრუნველვყოთ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიიდან. რკინიგზა ამ ფრაგმენტებში რეკონსტრუქციას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ და თქვენც გარწმუნებთ, რომ ეს ტექნიკური საკითხები მოგვარდება ორი – სამი წლის განმავლობაში, უახლოეს პერიოდში და ელექტროენერგიის ქსელიც გაიმართება აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიებზე, ნახიჩევანის გავლით.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მშვიდობა უკვე დამყარდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ვაშინგტონის სამიტის საფუძველზე. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მშვიდობა აზერბაიჯანთან უფრო მეტად ინსტიტუციურ დონეზე გადავიდეს. ეს შეთანხმება ხელშესახები გახდეს, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები განვითარდეს და გასწორდეს. ეს ინიცირებული იქნა ვაშინგტონში. ამასთან, როგორც აღვნიშნე, ყველა სატრანზიტო მარშრუტი გაიხსნება ერთი მეორეს მიყოლებით და ისტორიულ ცვლილებას მოუტანს ჩვენს რეგიონს. ეს სამშვიდობო დიალოგი, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ის პროექტი, რომელიც სამეზობლო ურთიერთობებს დაალაგებს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის და სამხრეთ კავკასიას ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა ამ ქვეყნების ტერიტორიებზე გაიზრდება, განვითარდება და დაიტვირთება.
საბოლოოდ, ჩვენ დავაფუძნეთ იმ კონდიციის მდგომარეობა, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას მოუტანს სამხრეთ კავკასიას. ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, რომ მეტი ტვირთბრუნვით, მეტი ენერგიით, მეტი ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, მეტი განვითარებით დავტვირთოთ. რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო გაამყარებს მშვიდობას და კეთილდღეობისა და განვითარების ტემპს, მოცულობას გაზრდის ყველა ჩვენგანისთვის, სომხეთისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის. დარწმუნებული ვარ, სამივე ქვეყნის ლიდერი ფლობს საკმარის ნებას, გონს და განწყობას, რომ უზრუნველვყოთ ამ მიმართულებით განვითარება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.