საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან როლზე და ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ეუთო-ს როლს.
ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.
შეხვედრისას განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის პროცესში საქართველოს როლი.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და განსაკუთრებული ხაზი გავუსვით რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა მომდევნო წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლაზე”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და გადადგმული ნაბიჯები.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროკომისიის მიერ პოზიტიური რეკომენდაციის მიღება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი მაკა ბოჭორიშვილი და საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ში, ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდნენ.