ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოში ბელარუსის მოდელი გათამაშდა, ე.წ. ოპოზიციური „ოთხეული“ შეცდომას შეცდომაზე უშვებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

– ბატონო ნიკოლოზ, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 34 წლისთავისადმი მიძღვნილი ოპოზიციის დაანონსებული ღონისძიებაც შედგა.

ამ დღისადმი ოპოზიციის ლიდერების ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად 2025 წლის 31 მარტის ღონისძიებაზე განსაკუთრებული არაფერი თქმულა, რაც მანამდე არ გვსმენია.

სხვების მსგავსად 31 მარტის ღონისძიების მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არც მქონია, მაგრამ, ამჯერადაც მოვისმინეთ საუბრები იმაზე, რომ პროტესტისა და ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციები პარტიების ლიდერობის გარეშე მიმდინარეობდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური პარტიები მოქმედების ერთიან გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ, ან ზოგ მათგანს სხვადასხვა მიზეზთა გამო ზურაბიშვილის ეგიდით ბრძოლაში მონაწილეობა ან არ სურს, ან, როგორც იტყვიან, „ფეხს ითრევს“.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ აცხადებს, რომ მისი კარი კონსულტაციებისთვის ყველა პროდასავლური პარტიებისთვის ღიაა. არადა ფაქტი ისაა, რომ საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაცია გრძელდება – ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი , ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას.

თქვენ როგორ შეაფასებთ დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავისადმი მიძღვნილ რუსთაველის პროსპექტზე ოპოზიციისა და საზოგადოების ერთობლივ აქციასა და ნათქვამს იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო?

– როცა ბელარუსის 2020-21 წლების ცნობილ მოვლენებს ვაკვირდებოდით, იქ მომხდარი განვითარებები უსიამოვნოდ მომხვდა თვალში, რაც რამდენიმე ინტერვიუში აღვნიშნე კიდეც. გაირკვა, რომ თურმე, შეიძლება ქვეყნის მოსახლეობამ უზარმაზარი აქციებით მოითხოვოს ხელისუფლების გადადგომა, მთელი ქვეყანა გამოვიდეს ქუჩებში, მაგრამ ავტორიტარულმა რეჟიმმა, მიუხედავად ამისა, ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით და მასობრივი რეპრესიების გატარებით მაინც შეინარჩუნოს ძალაუფლება.

დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით აკვირდებოდა ამ ამბებს და იქიდან თავისთვის მეტად საყურადღებო და სასიკეთო დასკვნები გამოიტანა. ეს საჯაროდ აღვნიშნე კიდეც.

მაშინ საქართველოს საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში არსებობდა მყარი მოსაზრება, რომ საკმარისია აგორდეს ჭეშმარიტად მასობრივი საპროტესტო ტალღა და ხელისუფლების საქმე წასულია. ბელარუსმა დაგვანახა, რომ ეს ასე არ არის და დიდი ანგარიშით არ არსებობდა არცერთი მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტი, რომ საქართველოში არ შეიძლება იმავენაირად მოხდეს.

ცხოვრებამ ნათლად გვიჩვენა, რომ საქართველოშიც ბელარუსის მოდელი გათამაშდა. შარშან დაწყებული საპროტესტო ტალღა უპრეცედენტო იყო თავისი მასშტაბით საქართველოს ისტორიაში. გამოსვლების შთამბეჭდავი მასობრიობით საქართველოს მოსახლეობამ ნათლად დაანახა ყველას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მისთვის მიუღებელია.

მიუხედავად ამისა, რეჟიმმა შეძლო დროის გაყვანით ა ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით საკუთარი თავის შენარჩუნება და, ბელარუსული სცენარით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხალხის პროტესტს რეპრესიებით და დევნით უპასუხა.

დღეს ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით – მასობრივი პროტესტი არ ცხრება, მაგრამ ხელისუფლება მშვიდად აგრძელებს თავის საქმეს – იჭერს და ასამართლებს ხალხს, იღებს ანტიდემოკრატიულ, რეპრესიულ კანონებს და დაუსჯელი თარეშის საშუალებას აძლევს საკუთარ ძალოვან სტრუქტურებს.

ჩემთვის პირადად გაუგებარია თუ რას უპირისპირებს ამ რეალობას 31 მარტს დაანონსებული ე.წ. „ბრძოლის ახალი ეტაპი“. ახალი, ბრძოლის მეთოდების მხრივ, დიდი ანგარიშით, არაფერი გაჟღერებულა, ხოლო არსებული მეთოდები რომ შედეგს არ იძლევა, ამას კარგად ვხედავთ.

მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ, ჩემი აზრით, საპროტესტო მოძრაობის ლიდერად და დროშად სალომე ზურაბიშვილის მოაზრება დიდი შეცდომაა. მე ვერ ვხედავ მასში იმ პოტენციალს, რომელიც ბრძოლის ამ ეტაპზე აუცილებელია მიზნის მისაღწევად.

ირველ რიგში, თავად იდეა ვადაგასული პრეზიდენტის მოქმედ პრეზიდენტად განხილვისა საკმაოდ უხერხულად და წამგებიანად მეჩვენება. მართალია, ამ კუთხით შეიძლება რაღაც პოლიტიკური და იურიდიული არგუმენტები მოიშველიო, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ძალიან არადამაჯერებელი და საბოლოო ჯამში იმედგაცრუებულია.

ვფიქრობ, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს იმანაც, რომ ზურაბიშვილს კარგად იღებენ ევროპის დედაქალაქებში. ეს ფაქტორიც წავა და უკვე მიდის კლებისკენ. სამაგიეროდ, მოსახლეობას ყალბი მოლოდინები ექმნება. ამაში კი კარგი არაფერია.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა ვერც თავისი პიროვნული თვისებებით და ვერც თავისი ბიოგრაფიით ვერ პასუხობს ახალი მასობრივი სახალხო მოძრაობის ლიდერის მოთხოვნებს. მისი არაბუნებრივი ქართული, გამოსვლების დაბალი ემოციური მუხტი და პოლიტიკური მესიჯების ბუნდოვანება დიდ იმედებს ვერ იძლევა.

ამასთან ერთად, ვერ წარმომიდგენია ახალი საქართველოს მოძრაობის ლიდერად ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე არსებული პოლიტიკური რეჟიმის პრეზიდენტი გახლდათ და მშვენივრად ასრულებდა მის უამრავ საეჭვო პოლიტიკურ დაკვეთას.

გვახსოვს ისიც, თუ როგორი სამარცხვინო გზით და დარღვევებით მოვიდა ის პრეზიდენტის თანამდებობაზე, რა პოზიცია ჰქონდა მას თავის დროზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის და კანონიერი ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით დამხობასთან დაკავშირებით.

ამ „დამსახურებების“ სიას აგვირგვინებს მის მიერ აგვისტოს ომში საქართველოს დადანაშაულება, რომელსაც ჩვენი მტრები დღესაც ეფექტურად იყენებენ. ვერ ვხედავ იმასაც, რომ ოპოზიციური და საპროტესტო მოძრაობის ხელმძღვანელობის თუ კოორდინაციის მიმართულებით მის მიერ გადადგმული ნაბიჯები მაინცდამაინც პოზიტიურ როლს თამაშობდნენ.

სრული შეგრძნება მაქვს, რომ მას პოლიტიკური პროცესი ყალბი გზით მიჰყავს. ასე რომ, ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება პოლიტიკური ცხოვრებისა და ბრძოლის ახალი, სუფთა ეტაპი ასეთი მძიმე, არასასიამოვნო ტვირთის მატარებელი პოლიტიკოსის ლიდერობით წარიმართოს.

საერთოდ, აბსურდამდე სასაცილო სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ეს „ქართული ოცნება“ კარგა გვარიანად იყენებს ამა თუ იმ სხვა და სხვა, მათ შორის, უმაღლეს, თანამდებობებზე, შემდეგ გაცვეთილებს და გამოწურულებს მიუგდებს ოპოზიციურ სპექტრს და მედიას მათ მიერ, მათსავე სამსახურში აკრეფილ უარყოფით ტვირთს ისევ თავის სასარგებლოდ იყენებს – ნახეთ რას ჰგვანან ოპოზიციური ლიდერებიო. ეს ოპოზიცია და მედიაც მზადყოფნით ყლაპავენ ამ სატყუარას და ამ სახეების გაპიარებით ძალაუნებურად ისევ ხელისუფლების საქმეს აკეთებენ.

ამიტომ, პოლიტიკაში წარმატებისთვის პირველ რიგში მარტო მოქნილობა კი არა, პრინციპულობაა მთავარი. წარსულს როგორც საქართველოში, ისე არსად ჰბატონობენ პოლიტიკოსებს, ოღონდ რამენაირად ამ წუთის პოლიტიკური ვითომ სარგებელი მიიღონ. ეს კი მხოლოდ ზიანის მომტანია ქვეყნისთვის.

– თუ ოპოზიციურ სპექტრსა და საპროტესტო აქციებში მონაწილე საზოგადოებას ერთი მიზანი ამოძრავებთ – ვადამდელი თუ ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულთა გათავისუფლება, თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიციურად განწყობილი ოპოზიციური სპექტრი შექმნილ ვითარებაში გამოსავლის მოძებნას და „ქართული ოცნების“ ალტერნატიული პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას?

– სინდისის პატიმრების გათავისუფლების ამოცანასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს. ეს პოლიტიკურად, სამართლებრივად და მორალურად აბსოლუტურად სწორი და აუცილებელი საქმეა.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას, აქ საქმე უფრო რთულადაა. ვფიქრობ, ბევრს საკმაოდ გაუმართლებლად და დაუფიქრებლად მიაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება ავტომატურად ხელისუფლების დამარცხებას ნიშნავს. არის კი ასე? განა ვადამდელ არჩევნებს ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით სხვაგვარად ჩაატარებს? ცხადია, არა. და მაშინ, თუ არსებული ოპოზიციური სპექტრი, მრავალი დაპირების მიუხედავად, იმ არჩევნებზე გაყალბება წინ ვერ აღუდგა და მას პრაქტიკულად ვერაფერი დაუპირისპირა, რატომ გვგონია, რომ ამას ის ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში შეძლებს? ამ მხრივ ხომ ოპოზიციური პარტიები არანაირ მუშაობას არ აწარმოებენ?

იცით, ასეთ ვითარებაში რა შეიძლება მოხდეს? ხელისუფლებამ რაღაც მომენტში შეიძლება ეს არჩევნები მართლაც ჩაატაროს, თანაც ოპოზიციის და საზოგადოების მოთხოვნა თითზე დაიხვიოს. ოღონდ, ამისათვის დრო და სიტუაცია მაქსიმალურად ხელსაყრელად იქნება შერჩეული, ოპოზიცია და საზოგადოება კი ამ დროს მოუმზადებელი და დაქსაქსული იქნება. შედეგად, არსებული რეჟიმის უფრო მყარ ლეგიტიმაციას მივიღებთ.

ვფიქრობ, ე.წ. ოპოზიციური „ოთხეული“ შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მან ოქტომბრის არჩევნების წინ ვერ მოახერხა ელემენტარულ საკითხებზე კოორდინაცია და შეთანხმება და ამ არჩევნებზე დაქსაქსული და დეზორიენტირებული გავიდა. მათ შორის დიდ კონსოლიდაციას და ერთობას ვერც არჩევნების შემდგომ ვხედავთ.

ძალიან არასწორი და საერთო საქმისთვის დამაზიანებელი იყო არჩევნების შემდეგ მათი მცდელობა პოლიტიკური პროცესის ოთხი პარტიის დახურულ კლუბში ჩაკეტვის მცდელობა. ალოგიკურია, ერთი მხრივ, არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდე და მეორე მხრივ, პოლიტიკურ ბრძოლას საფუძვლად გაყალბებული არჩევნების შედეგებს უდებდე. თანაც, ისიც ხომ უნდა ითქვას პატიოსნად, რომ მათ მიერ ბარიერის გადალახვა და ხმების გარკვეული რაოდენობის აღება დიდ კავშირში არაა ხალხში მათ რეალურ პოპულარობასა და რეიტინგთან.

ძირითადად, ეს ხმები იმის შედეგადაა მიღებული, რომ ქართველ ხალხს „ოცნების“ მოშორება უნდა, თორემ თავად ოპოზიციური პარტიები მას დიდად გულზე არ ეხატება. ბევრმა ამა თუ იმ მსხვილ პარტიას და არა მისთვის მართლა სასურველს მხოლოდ იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ არსებული საარჩევნო კანონის მიხედვით მათი ხმები არ დაკარგულიყო.

ასეთ ვითარებაში გაყალბებული არჩევნების მერე ბრძოლის ერთადერთი სწორი სტრატეგია იყო – მაქსიმალურად ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფრონტის ჩამოყალიბება პროცესისთვის სტრუქტურირებული, საყოველთაო-სახალხო სახის მიცემა.

ნაცვლად ამისა, ე.წ. ბარიერგადალახულებმა ოთხ პარტიული ვიწრო კლუბის ფორმატში მოქმედება გადაწყვიტეს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ახლა ისინი პრაქტიკულად აცდენილები არიან იმ სახალხო მოძრაობას, რომელიც რეალურად და მძლავრად არსებობს, რომელიც დიდი ანგარიშით, მათ არ იკარებს და რომელსაც პრაქტიკულად თვითონაც ვერ ეკარებიან.

პოლიტიკური ალტერნატივის შესაქმნელად აუცილებელია შეწყდეს კონცენტრირება მხოლოდ ნეგატიურ დღის წესრიგზე. ოპოზიცია მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ესაუბროს ხალხს თუ რა ცუდია ხელისუფლება, არამედ პირველ რიგში იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს. რა იყო რეალურად ოპოზიციის შეთავაზება ქართველი ამომრჩევლისთვის ოქტომბრის არჩევნებზე? – „ქართული ოცნების“ მოშორება და კოალიციური მმართველობა. მაპატიეთ და ეს ცარიელი დღის წესრიგია. არსებული ხელისუფლების მოშორება მხოლოდ აუცილებელი წინაპირობაა ახალი საქმის საკეთებლად და როცა შენ მხოლოდ პირველზე აკეთებ აქცენტირებას, ამომრჩევლის თვალში არასერიოზულად და დესტრუქციულად გამოიყურები.

რაც შეეხება კოალიციურ მართვას – ეს მხოლოდ ფორმაა. მთავარი კი ისაა, თუ რა შინაარსით ავსებ ამ ფორმას. ამაზე კი თითქმის არაფერი სერიოზული არ ითქვა. თანაც, როცა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს კოალიციური მოქმედების უნარის ჩვენება არჩევნების წინ, არ გააკეთეს მარტივი და ელემენტარული – არჩევნებზე „ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გასვლა, როგორ უნდა დაეჯერა ქართველ ამომრჩეველს, რომ ისინი ამას არჩევნების შემდეგ უკვე ხელისუფლების გაყოფის დროს შეძლებდნენ?

ბუნებრივია, აქ უკვე ამომრჩეველში ნდობის სერიოზული დეფიციტი გაჩნდა. უფრო მეტიც, მრავალი ადამიანი ასეთი ურთიერთდაპირისპირებული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას შიშითაც კი უყრებდა.

არსებული ოპოზიციური სპექტრი ვერ შეძლებს „ქართული ოცნების“ ალტერნატიულ პოლიტიკურ ლად ჩამოყალიბებას. ამისათვის აუცილებელია ის შეივსოს ახალი და მძლავრი ნაკადით, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოს ქალაქების ქუჩებში იშვა. ოღონდ, ამ ახალმა მასობრივმა, ძირითადად, ახალგაზრდულმა მოძრაობამ უნდა გაიაზროს, რომ დროა საპროტესტო ტალღამ სტრუქტურირებული, პოლიტიკური ფორმები შეიძინოს.

ამ ტალღის წიაღში უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის ენერგია და სიმართლე საფუძვლად უნდა დაედოს არსებულ პოლიტიკურ სპექტრთან თანამშრომლობის გზით ნამდვილი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნას.

ამ ხალხმა საკუთარი განწყობა ლოგიკასთან კავშირში უნდა მოიყვანოს. თუ პრაქტიკულად ერთხმად აცხადებენ, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრი არ მოსწონთ, მაშინ ახალი არჩევნების მოთხოვნა ისევ ამ სპექტრის ხელისუფლებაში მოსაყვანად უბრალოდ არასწორია. უპრიანია, თვითონ შექმნან პოლიტიკური ძალა და აიღონ ხელში ქვეყნის ბედი.

– თუ თვალს მივადევნებთ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური სპექტრის განცხადებებს, ასევე ამავე პოლიტიკური სუბიექტების დაქვემდებარებულ მედიასაშუალებებს, ცხადად დავინახავთ იმას, რომ სახელისუფლებო გუნდი და ოპოზიციური სპექტრი სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ რეალობაში არიან და შესაბამისადაც იქცევიან.

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მტრად, ლამის მთელ დასავლეთსა და -ს და როგორც თავად ამტკიცებს, ოპოზიციაში მყოფ მათზე დამოკიდებულ აგენტებს ადანაშაულებს. გულშემატკივრობს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც მათი მტკიცებით, აშშ-ს “დიფ სთეითისთვის”ომი აქვს გამოცხადებული.

ოპოზიციური სპექტრის უდიდესი უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევს როგორც ხელისუფლება და ოპოზიცია არიან ერთმანეთის მიმართ „კოგნიტიურ დისონანსში“, ისე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ან ერთს, ან მეორეს უჭერს მხარს.

შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ მგონია ფაქტია – ასე გაყოფილი, დანაწევრებული და ილუსტრირებული ქართული საზოგადოება მას შემდეგაც კი არ ყოფილა, როცა ძალის გამოყენებით ხელისუფლებას ჩამოაშორეს პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლება, რომელმაც 34 წლის წინ ქვეყანაში ჯერ რეფერენდუმი ჩაატარა ქვეყნის დამოუკიდებლობის თემაზე და შემდეგ კი 9 აპრილს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებული „კოგნიტიური დისონანსის“ მასშტაბები საკმაოზე მეტიც კია. ასეთი დაქსაქსულობის, ღია თუ ფარული დაპირისპირების აღმოფხვრაზე უპირველესად ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის მსგავს რამესაც ვერ ვხედავთ.

რამდენად სახიფათოა ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და დაქსაქსულობის ის მასშტაბი, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს?

– დასაპყრობი ქვეყნის საზოგადოების დაქსაქსვა და ურთიერთდაპირისპირება ნომერ პირველი ამოცანაა, რომელზეც მუშაობს დამპყრობელი ქვეყანა, რათა ამ თავის სამიზნე ქვეყანაში მოახდინოს პროცესების მანიპულირება და საბოლოო ჯამში დაპირისპირებული და დაქსაქსული საზოგადოების მქონე ქვეყანა იოლად დაიპყროს.

როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, საქართველოში ეს მიზანი მნიშვნელოვანწილად მიღწეულია.

ამ სავალალო ვითარებას თავი რომ დავაღწიოთ, სწორედ ამიტომაა საჭირო ქუჩებში წარმოშობილი მოძრაობის ახალ, მასობრივ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება. ამ ძალას სიამოვნებით დაუჭერს მხარს იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც ახლა ამ დაპირისპირებულ ბანაკებში იმყოფება, დღეს შექმნის ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციის მყარ და აუცილებელ წინაპირობას. ამ ახალ ძალას უკვე ვერავინ შეძლებს აკიდოს ვერც წინა და ვერც ახლანდელი ხელისუფლების ცოდვები. მას ექნება ყველა საშუალება, რომ საკუთარ თავს აარიდოს ეს უკვე მობეზრებული საზოგადოების გამთიშველი პოლიტიკური დისკურსი.

ოღონდ, ვიმეორებ უკვე ამ კონტექსტში: ამისათვის აუცილებელია ნეგატივიდან პოზიტივზე პოლიტიკური აქცენტის გადატანა, საუბარი უფრო იმაზე კი არა, რას ვანგრევთ, ეს ისედაც გასაგებია, არამედ იმაზე, რას ვაშენებთ.

– მეორე კვირაა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას აქვს დაწყებული მუშაობა.

თავიდან ითქვა, რომ კომისია წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებდა. მერე ვნახეთ, რომ კომისიამ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებისა და წარმოების საკითხებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა დაიწყო.

ამ კომისიის მუშაობის თემაზე საზოგადოებაში რომ აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, ვხედავთ. ორი დღის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ „ნაცმოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფების აკრძალვის მოთხოვნით.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ამ კომისიის მიზანია ერთი მხრივ, აგვისტოს ომში სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების დადანაშაულება, ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივი ორგანოების არჩევნებამდე პოლიტიკური ველის პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფებისგან გათავისუფლება.

თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას? თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ის ბრალდებები, რომელიც ამ კომისიის სავარაუდო მიზნების მიმართ გამოითქმის?

– თავად კომისიის იდეას და მის მუშაობას ძალიან უარყოფითად ვუყურებ. ამ წამოწყებას დიდი ზიანი მოაქვს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

ბოლო წლების მანძილზე წინა ხელისუფლების მრავალი კონკრეტული თანამდებობის პირი გასამართლდა, მოიხადა ან იხდის სასჯელს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს გამოძიებები და სასამართლო პროცესები წესიერად ჩატარდა. პირიქით, ისინი ცალსახად ატარებდნენ და ატარებენ პოლიტიკური დაკვეთის შესრულების ხასიათს.

სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი უკვე უშუალოდ სამართლებრივი უვარგისობაც.

პოლიტიკური დაკვეთის შესრულებისას გარდაუვალად ზიანდება თავად სამართალი და ეს ჩვენ ამ პროცესების მსვლელობისას ნათლად ვიხილეთ. თუმცა, ცალკეული პირების კონკრეტული ქმედებებისთვის გასამართლება, როგორც ასეთი, გასაგები და ნორმალური პრაქტიკაა, ოღონდ, ცხადია, ეს პროცესები სამართლიანად უნდა ტარდებოდეს და არა ისე, როგორც ჩვენთან.

ის, რასაც ამ დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობით ედება სათავე, უკვე სულ სხვა დონის და ბუნების პროცესია, რომელიც უდიდეს ზიანის საფრთხეს შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის. კარგად ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და პროცესმა უფრო დიდ მასშტაბი და მრავალფეროვნება უნდა შეიძინოს.

საქმე გვაქვს ჩვენი ქვეყნის ფუნქციონირების მთელი დეკადის დანაშაულებრივ ეპოქად გამოცხადების მცდელობასთან. ანუ, საბოლოო ჯამში, მთელი მსოფლიოს გასაგონად უნდა გამოვაცხადოთ, რომ ქართული რეფორმების მთელი ათწლეულედი არამც თუ შეიცავდა გარკვეულ გადაცდომებს და დანაშაულებს, არამედ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ეს ათწლიანი ძალისხმევა და მუშაობა ქართული, ეროვნული, ბრენდული რეფორმების სახით, იყო უმსგავსობა და დანაშაული. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ელემენტარული უსამართლობა და უმადურობაა.

თავის დროზე მსოფლიომ აღტაცებით დაინახა და აღიარა ქართველების უნარი შთამბეჭდავად და საინტერესოდ გარდაექმნათ ქვეყანა. მსოფლიომ მაშინ აღიარა, რომ საქართველო წლების მანძილზე იყო მსოფლიოში ინოვაციური გარდაქმნის ლიდერი. თავისთავად, ასეთი იმიჯი უდიდესი სიმდიდრეა ქვეყნისთვის და მისი შენარჩუნება აუცილებელი იყო და არის.

ახლა კი რას ვაკეთებთ? ის არ ვიკმარეთ, რომ რეფორმების პროცესი პრაქტიკულად შევაჩერეთ და ეს იმიჯი აწმყოში დავკარგეთ. ახლა გვინდა წარსულიდანაც წავშალოთ და მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ის ყველაფერი იყო ტყუილი და დანაშაული და სინამდვილეში ქართველებს არაფერი შეგვიძლია. ჩნდება კითხვა – ვის შეიძლება ამან არგოს?

პასუხი მარტივია – მხოლოდ ჩვენს მტრებს, რომლებიც სიამოვნებით იქილიკებენ ამაზე მაშინ, როცა სინამდვილეში ჩუმჩუმად ქართული რეფორმების მოდელებს წარმატებით იყენებენ საკუთარ ქვეყანაში.

ცალკე საუბრის საგანია აგვისტოს ომის თემა. მადლობა ღმერთს, მრავალი ცილისწამების მიუხედავად, მოხერხდა ამ ომის თემაში საქართველოს გამართლება და აგრესორის დაგმობა საერთაშორისო არენაზე. საბოლოოდ ეს ყველაფერი ჰააგის სასამართლოს დადგენილებით დაგვირგვინდა.

ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება ასეთ პირობებში დახურავდა ამ თემის ზედმეტ განხილვას და გადაიყვანდა მას მყარი და საერთაშორისო გადაწყვეტილებებით გამყარებული, ჩვენთვის მომგებიანი ნარატივების განმტკიცების პროცესში.

ჩვენ რას ვაკეთებთ? ვიწყებთ დახურული და მყარად პასუხგაცემული თემების ხელახალ საჯარო ქექვას, თან დაჟინებით იმ აქცენტით, რომ რამენაირად ამ ომში საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობა გამოიკვეთოს. თითქოს და, ეს თუ მოხერხდა, ამით მხოლოდ მაშინდელი ხელისუფლება დაზარალდება და ქვეყანას ზიანი არ მიადგება. ვუყურებ ამ ყველაფერს და საკუთარ თვალებს და ყურებს არ ვუჯერებ – საქართველოს ხელისუფლება, ქართველები, საკუთარ ქვეყანას ამ ბოროტებას შეგნებულად, საკუთარი ხელებით უკეთებენ.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომელიც ამ პროცესს შედეგად უნდა მოჰყვეს, ცხადია, მიზნად ისახავს პოლიტიკური ცხოვრების საბოლოოდ გაუქმებას საქართველოში და სრული დიქტატურის დამყარებას. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება ოპოზიციური და თავისუფალი მედია საშუალებების განადგურება.

ვფიქრობ, თუ ამ პროცესის სულის ჩამდგმელები და შემსრულებლები გონს არ მოეგენ და ხელი არ აიღეს საკუთარ ჩანაფიქრზე, ამ კომისიის მუშაობა შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და შავბნელი ფურცელი საქართველოს ისტორიაში.

 

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი