ნიკოლოზ ვაშაკიძე – მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიიღებს

„ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, ს შეწყალების გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიიღებს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მედიასთან შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მას რამდენიმე საათში ციხეში დააბრუნებენ და ამ ვითარებაში ამ თემის განხილვა შინაარსს მოკლებულია.
„მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვნად კრიტიკულია და მისი წინააღმდეგობა მმართველი გუნდის მიმართ იზრდება, მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას ის ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიიღებს. სააკაშვილი ციხეში იქნება თუ მის გარეთ, ამას საქართველოში მხოლოდ ერთი კაცი, წყვეტს. რომც შეიწყალოს ზურაბიშვილმა, რამდენიმე საათში სააკაშვილს ციხეში შეაბრუნებენ, ახალი საქმეებით. ეს თემა მნიშვნელოვანწილად შინაარსს მოკლებულიც კია“, – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ რადიკალური მიუღებლობა პოლიტიკური კულტურის ძალიან დიდ დეფიციტად მიაჩნია.
„მთავრობის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ ასეთი რადიკალური მიუღებლობა პოლიტიკური კულტურის ძალიან დიდ დეფიციტად მიმაჩნია. შესაძლებელია, შენ მიზნებს აღწევდე ისე, რომ მწვავე დაპირისპირება არ გქონდეს პრეზიდენტთან, რომელიც ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, არც ისე მწვავეა და მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს მხარს დაუჭერდნენ, მაგრამ ის პოლიტიკაში დამოუკიდებელი ფიგურა იქნებოდა“, – აღნიშნა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.