ნიკოლოზ ალავიძე – დაკავებულები და მოქმედი თანამდებობის პირები ერთად იყვნენ საქმეში, ერთმანეთის “ტყავს არ ახევინებდნენ”, პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება მოქმედ პრემიერზე, მინისტრებზე და გუნდზე – ზღაპარია, რომ დღეიდან აღარაფერი მოხდება

4 ოქტომბრის მოვლენის და შემდგომ განვითარებისაც არაფერი სარწმუნო და დასაჯერებელი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი მავნებლობა, რომელიც მთელს საზოგადოებას „მოგვყიდეს“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ ალავიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებასა და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ალავიძის თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენა შეუმდგარი ამბავია და ტოტალურ სიცრუეზეა ჩამოკიდებული.
„თავად 4 ოქტომბრის მოვლენა რომ ავიღოთ, რამდენად სარწმუნოა მოვლენა, რამდენად სარწმუნოა ის ყველაფერი, რა სახითაც გადმოგვცეს და „მოგვყიდეს“ მთელს საზოგადოებას, საკუთარ მომხრეებსაც, არა მომხრეებსაც და ჩამოუყალიბებელ ხალხსაც. თავად 4 ოქტომბრის მოვლენაა ძალიან შეუმდგარი იუმორისტული ამბავი და ნოველა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი არც საწყისი აქვს, არც განვითარება და ჩამოკიდებულია ტოტალურ სიცრუეზე.
ამ 4 ოქტომბრის მოვლენისაც და შემდგომ განვითარებისაც არაფერი სარწმუნო და დასაჯერებელი აქ არ არის, ეს არის ჩვეულებრივი მავნებლობა.
ამ ადამიანმა (ბაჩო ახალაიამ), რომელსაც მიესაჯა და დაუმტკიცდა დანაშაული, ცხრა წელი მოიხადა, შემდეგ დაბრუნდა საკუთარ ოჯახში, საზოგადოებაში ინტეგრაცია ვერანაირად ვეღარ შეძლო, რადგან ის სტიგმა, რომელიც მას დასდევდა, 9-წლიანმა პერიოდმა ვერ გაანელა“, – აღნიშნა ალავიძემ.
გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ მხრიდან კორუფციასთან ბრძოლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ნაბიჯები, რასაც მმართველი გუნდი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით დგამს, კორუფციასთან ბრძოლა არ არის.
მისი თქმით, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილი დანაშაული მთელს პოლიტიკურ გუნდზე თანაბრად ნაწილდება და ამაზე პასუხისმგებლობა ყველამ თანაბრად უნდა გადაინაწილოს.
„ჩემი სუბიექტური აზრით, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, არანაირად არ არის ინსტიტუციური მიდგომა, ეს არის უბრალოდ სადღეგრძელოებით პირადი ინტერესების რეალიზება რაღაც შიდა პატარ-პატარა დაჯგუფებებს შორის, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც ვიხილეთ, ვინც დაადანაშაულეს, ჯერ არ დამტკიცებულა მათი ბრალი , დაწყებული მინისტრის მოადგილეებით, მინისტრებით, გაგრძელებული ყოფილი პრემიერი-მინისტრით და ახლა უკვე სუს-ის ყოფილი უფროსი, ჯერ პროცესშია სასამართლო განხილვა და არ ვიცით, რა რეალური მტკიცებულებები იქნება, ამიტომ მე არ მაქვს არანაირი უფლება, ეს ადამიანები დავადანაშაულო.
ეს არის თამაში, რომელიც ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის აწმყოსა და მომავლისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ვინც დააკავეს, ვისაც ბრალი წაუყენეს, ეს ადამიანები და ახლა მოქმედი თანამდებობის პირები ვინც არიან, ერთად მოდიან მათი კარიერული დაბადების პირველივე დღიდან, ერთად იყვნენ საქმეში, ერთმანეთის ტყავს არ ახევინებდნენ, როცა ერთად იყვნენ, იცავდნენ ერთმანეთს და ამ სისტემისა და ამ ინსტიტუტების ნაწილები იყვნენ, შესაბამისად, პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება ყველა მოქმედ მინისტრზე, პრემიერ-მინისტრზე, მათ მოადგილეებზე და ა.შ. ვისთან ერთადაც ეს ადამიანები იყვნენ, წარმოადგენდნენ ერთ გუნდს და რა თქმა უნდა, მთლიანად ამ პოლიტიკურ გუნდზე, რომლის წევრებიც ესენი არიან.
ზღაპარია ის, რომ დღეიდან არაფერი აღარ მოხდება და დღემდე რაც იყო, ჩვენ არ გვეხებაო. ეს არის პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე ამ ქვეყნის მმართველობაშია ჩართული და ეს ვითომ ბრძოლა კორუფციასთან არანაირად არ არის წარმოდგენილი ობიექტურად“, – განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.