5 იანვარს ვენესუელის ყოფილი ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ადელა ფლორეს დე მადურო ბრუკლინის საპატიმროდან მანჰეტენის სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს, სადაც მათ ბრალდებებს წარუდგენენ.
მადურო ცოლთან ერთად შაბათს, 2 დეკემბერს კარაკასში შეიპყრეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს, აშშ-ის მიერ ჩატარებული საგანგებო ოპერაციის შედეგად.
როგორც დაკავების დღეს აშშ-ის გენერალური პროკურორი პემ ბონდი წერდა, ცოლ-ქმარს ბრალად ედებათ ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენა. საკუთრივ ნიკოლას მადუროს ადანაშაულებენ “ნარკოტერორიზმის შეთქმულებაში” და “კოკაინის იმპორტირების შეთქმულებაში”, ასევე ავტომატური იარაღისა და ასაფეთქებელი საშუალებების ფლობაში.
ორიოდე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში წერდა, რომ ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო, თავის ცოლთან ერთად გაიყვანეს ქვეყნიდან:
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით მიიტანეს ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც თავის ცოლთან ერთად იქნა დაკავებული და თვითმფრინავით გაყვანილი ქვეყნიდან. ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამართალდამცველი ორგანოების ჩართულობით“.
ვაშინგტონის ეს მოქმედება დაგმეს რუსეთმა და ჩინეთმა.
5 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
3 იანვარს გაეროს სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო. რომ „ბოლოდროინდელმა ესკალაციამ ვენესუელაში, რომლის კულმინაციად ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო მოქმედებები იქცა, რასაც პოტენციურად საგანგაშო შედეგები შეიძლება მოჰყვეს რეგიონისთვის, გაეროს გენერალური მდივნის ღრმა განგაში გამოიწვია“.
გაეროს გენერალური მდივანი საერთაშორისო სამართლისა და მათ შორის, გაეროს ქარტიის დაცვისკენ მოწოდებით გამოვიდა.
ფორუმი




