ივანიშვილის პრობლემური ვალების ამოსაღებად, ბაჩიაშვილთან მიმართებით „ქართული ოცნება“ მთლიანად ცვლის სამართლებრივ წესრიგს, ისეთ რეგულაციებს იღებს, როგორიც ამ ქვეყანაში არ გვინახავს – ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ოჯახის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და არა მართლმსაჯულება, – ამის შესახებ იურისტმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.
სიმონიშვილის აზრით, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის „დაკვეთაა“.
„ეს სწორედაც პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და არა მართლმსაჯულება. თუ ჩვენ სამართლებრივ ნაწილს შევეხებით, კი ბატონო. თუ ვიღაცამ ვიღაცას ფული მოჰპარა, უხეშად რომ ვთქვათ, ამას დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ორგანოები უნდა აფასებდნენ. ნორმალურ შემთხვევაში ასეა. თუ მას ვინმე დაეხმარა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ესეც კანონის შესაბამისად უნდა იყოს დასჯილი, მაგრამ, ფაქტია, რომ გიორგი ბაჩიაშვილთან მიმართებით, ბიძინა ივანიშვილის სურვილის გამო, „ქართული ოცნება“ მთლიანად ცვლის სამართლებრივ წესრიგს. მისი პრობლემური ვალების ამოსაღებად, ისეთ რეგულაციებს იღებს და ისეთ პრაქტიკას ეწევა, როგორიც აქამდე ამ ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ გვინახავს.
საუბარია, მათ შორის, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის ცვლილებაზე, რომლითაც ადამიანი ციხიდან რომ გამოდის, მაინც პატიმრობაში რჩება და ქვეყნიდან არ უშვებენ. მას არსებობის უფლებას ართმევენ და თუ ვინმე ეხმარება, ოჯახის წევრსაც კი დაიჭერენ ამის გამო. ასეთი წესრიგი შექმნეს, სწორედაც ამ ერთი „ქეისის“ გამო, მაგრამ მას სხვა „ქეისებთან“ მიმართებითაც გამოიყენებენ, მათ შორის, რეგულარულ „ქეისებთან“ მიმართებითაც.
სხვას ვერაფერს ვაბრალებ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იქნებოდა ეს ყველაფერი. ასეთი სამართლებრივი წესრიგი შექმნეს ამ ადამიანისა და მისი ოჯახის გამო, რომლის ანალოგსაც ვერც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ვერ შევხვდებით. ეს არის ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორება. ამას რომ მხოლოდ სამართლებრივი ახსნა მოვუძებნოთ, რთული იქნება, რადგან აქ პოლიტიკური მდგენელია საკმაოდ მნიშვნელოვანი.
ასევე, ბაჩიაშვილთან მიმართებით ციხეში არაადამიანური მოპყრობის, ცემის ფაქტთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული ფაქტები და გამოძიება, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. ის კი არა, „ქართული ოცნება“ ისევ ბაჩიაშვილისკენ იშვერს ხელს, თითქოს, საკუთარი თავის ცემა დაავალა ვიღაცას და ფული გადაუხადა. თითქოს, ისინი ციხეში სიტუაციას ვერ აკონტროლებენ. აბსურდულ განცხადებებს ვისმენთ“,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
გარდა ამისა, სიმონიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილიც საქმეზეც ისაუბრა და შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, ბიუჯეტში, საბოლოოდ, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრათ. იურისტის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „ერთ-ერთი დარტყმის ობიექტი საქართველოს უნივერსიტეტი აღმოჩნდეს“, რადგან მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა.
„იმ მართლმსაჯულების პირობებში, რომლებსაც უკვე მართლმსაჯულებასთან, ნამდვილ განსჯასთან აღარაფერი საერთო აღარ აქვს. ამასთან, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი უფროა დღევანდელი პროკურატურა და სასამართლო. ამ პირობებში, [მართლმსაჯულების პირობები] მარწუხებში არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ოპონენტებს აქცევს, არამედ მის ოჯახის წევრებსაც. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტთან მიმართებით დაიწყო. „ქართულ ოცნება“ ცდილობს, ნებისმიერი სივრცე შეზღუდოს, სადაც განსხვავებული აზრი შესაძლოა ისმოდეს. ეს ერთიან კონტექსტში უნდა დავინახოთ. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ ქმედებაში ბრალი მიუძღვის თუ არა. იმ პირობებში, სადაც ამ სამართლებრივი რეგულაციებით შესაძლებელია, რომ ოჯახის წევრის ქონებაზე გახვიდე და ასეთი „ქეისიც“ კი შეკეროს პროკურატურამ, რომ იმ თანხით მიღებული შემოსავლების შედეგად დაფუძნდა საქართველოს უნივერსიტეტი, პირობითად ვამბობ. შეიძლება, სააკაშვილის ნებისმიერ ქონებას გადასწვდნენ, სადაც პროკურატურა ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე იგებს ამ საქმეებს ქართული სასამართლოს პირობებში. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ერთ-ერთი დარტყმის ობიექტი სწორედაც, საქართველოს უნივერსიტეტი აღმოჩნდეს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გიული ალასანიაა.
ფაქტია, კანონი ისეა დაწერილი, რომ ბაჩიაშვილის და სხვა „ქეისებიც“ ცხადყოფს, რომ კანონის მიღებამდე ჩადენილ დანაშაულებზე ავრცელებენ. ის სავარაუდო ქმედებები, რასაც ამ ადამიანებს ედავებიან, ჩადენილია კანონის მიღებამდე და ამოქმედებამდე. ზიანის ანაზღაურების წესს – ოჯახის წევრებისგან ქონების ამოღების წესი, ფაქტობრივად, უკუძალით ავრცელებენ. ჩვენ შეიძლება სამართლებრივად ვიმსჯელოთ, რომ ეს სამართლებრივად არასწორია და კონსტიტუციის პრინციპს ეწინააღმდეგება, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოქმედებს ნაჯახის პრინციპით, რომ მე ახლა ეს ნაჯახი ჩავარტყი, პრობლემა გადავწყვიტე.
ისინი მოქმედებენ პრინციპით, რომ „დროულად გადავწყვიტო ჩემი პრობლემები“. დანარჩენი სამართლებრივი პრინციპები ამ ადამიანებს აღარ ადარდებთ“,- განაცხადა სიმონიშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს – საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებას, რომ მათი დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი გახდეს, „რომლის მიზანიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება“, სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ეს გეგმა ბოლომდე მივიდეს“.
ამასთან, იურისტის შეფასებით, სავარაუდოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის აკრძალვა „ქართულ ოცნებას“ „პოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდება“.
„შეიძლება, მთავრობამ, პარლამენტმა ბევრი პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით შეიტანოს სარჩელი, მაგრამ საბოლოო სიტყვა უნდა ეთქმოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს. როდესაც კანონმდებლობა, კონსტიტუცია უშვებს, რომ პარტია და მისი საქმიანობა შეიძლება აიკრძალოს, აქ თავშივე უნდა დავუშვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი არ უნდა იყოს. თუ ამ კომპონენტს გამოვრიცხავთ და კითხვას დავსვამთ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, დანარჩენი ყველაფერი უკვე ჩამოშლილია. საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო წლებია, იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს. პირდაპირ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია, ისევე, როგორც საერთო სასამართლოების სისტემა. ამიტომ, არ ვიცი. ბოლოს და ბოლოს, რად ღირს მხოლოდ იმის გახსენება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ახლა უკვე, პირდაპირ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი თანამდებობის პირია. იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადმოიყვანეს მერაბ ტურავა.
„ქართულმა ოცნებამ“ რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს, ამის მხარდამჭერი მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში ჰყავს. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ 2012 წლამდე საქმიანობისთვის უნდა აიკრძალოს, მაშინ 12-13 წელი სად იყო ეს ხალხი? რა ელოდებოდნენ? პროკურატურა რას აკეთებდა, ვერ გავიგე? საპარლამენტო კომისიის შესაფასებელი ეს საკითხი საერთოდ არ იყო. რატომ არ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს „ქართული ოცნება“? აბა, მიემართა მისი მმართველობის პირველ წლებში. რა გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონსტიტუციო სასამართლო, როდესაც მას ვერ აკონტროლებდნენ? აქ უკვე ვხედავთ, სად არის ძაღლის თავი დამარხული.
როდესაც ვერ აკონტროლებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაშინ ამ სარჩელით მიმართვის დიდი აუცილებლობაც არ ედგათ პოლიტიკურად, მაგრამ ამას ვერც გააკეთებდნენ. ვერ მიიღებდნენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ აწყობდათ, მაგრამ აქ უკვე რამდენად აწყობთ, რომ ეს პოლიტიკურად გააკეთონ? შეიძლება სარჩელი შეიტანონ, მაგრამ ეს საკითხი ჩამოკიდონ.
სავარაუდოდ, ეს საკითხი პოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდებათ, იმისთვის, რომ ერთით მეტი სავაჭრო თემა ჰქონდეთ, ისევე როგორც პოლიტპატიმრები, სხვადასხვა კანონმდებლობა, „ენჯეობის“ დაყადაღება და ა.შ. თუ ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანენ, მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ საღი აზრი ექნება დაკარგული, რადგან სავაჭრო, ფაქტობრივად, აღარაფერი ექნება დატოვებული. ამ ეტაპისთვის მიჭირს იმის თქმა, რომ მათ ამ პოლიტიკური ფასის გადახდა სჭირდებათ“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
