„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელსაც, დღეს, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საკუთარ განაჩენს სოციალურ ქსელში, პოსტით ეხმაურება და განმარტავს, რატომ შეასხა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი.
როგორც მელია აღნიშნავს, როცა დაკავების შემდეგ სასამართლო დარბაზში მიიყვანეს, მოსამართლე შვანგირაძეს „არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოჩნდა გალიაში და რა მოხდა იმ ღამით“. ამასთან, მელია მოსამართლეს „პლასტმასის მულაჟს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „შელახული ღირსების აღდგენისა და დაცვის გამოსავალი, წყლის ძალაში დაინახა“.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დეტალურად აღწერს უშუალოდ საკუთარი დაკავების ფაქტსაც.
„29 მაისს, სახლიდან, ბელინსკის ქუჩიდან, 4 თანმხლებ პირთან ერთად გამოვედი, სულ ხუთნი; გამოვედით ორი მანქანით, ორივე მანქანაში დამონტაჟებული 4 ვიდეოკამერით, წავედით ტელევიზიისკენ, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, 20:30 საათია. 20:50-ზე, ლისის ტყესთან, 40-მდე სხვადასხვა ზომისა და ფორმის დრაგუნი, ზოგი ტანხმელი და ზოგი ბიზონივით, მანქანებიდან გადმოცვივდნენ, თითქმის ყველა „ხაფი ხმით“ ღრიალებდა. ოთხივე კამერა დალეწეს და ჩემთან ერთადვე გაიტაცეს. გამიტაცეს მიკროავტობუსით, არანაირი განმარტება, რატომ, რისთვის და ა.შ. მიმიყვანეს დიღმის სამმართველოში, შემჩურთეს მე-5 სართულის რომელიღაცა ოთახში. მომდევნო დღეს, დილით, ნების საწინააღმდეგოდ აღმოვჩნდი სასამართლოს შენობაში, დარბაზის ხის გალიაში. დარბაზში დამხვდა შავებში ჩაცმული შვანგირაძე, უკიდურესად არაინტელექტუალური გამოხედვით, ცივი იერით, მოსამართლე, რომელიც თითქოს სისხლის მიმოქცევის გარეშეც კი არის, პლასტმასის მულაჟი. შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, ყასიდი ინტერესიც კი, თუ რა მოხდა ღამით. აი, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მასთან სამსახურში მისული, საექსკურსიო-შემეცნებითი ვიზიტით მისული ჯგუფის, ნებაყოფლობითი წევრი გახლდით. ერთი სიტყვით, შელახული ღირსების აღდგენისა და დაცვის გამოსავალი, წყლის ძალაში ვნახე… ორი კვირის წინ, როგორც იქნა, გატაცების მიზეზი დაასახელეს და ეს ჩემივე მარჯვენა ხელის შუა თითი აღმოჩნდა, პოლიციელისთვის ნაჩვენები! ანუ, თითქოს მოძრავი მანქანიდან, ვერაზე, მანქანის შუშა ჩამოიწია და ჩემი შუა თითი აღიმართა. მათივე ვერსიით, ეს თითი, ეჭვმიუტანლად, შუა იყო და არავითარ შემთხვევაში საჩვენებელი!
მინდოდა დეტალებში გცოდნოდათ ამ საქმეზე წელიწადნახევრიანი პატიმრობის საფუძველი”, – წერს ნიკა მელია.
გარდა ამისა, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პოსტში პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელზეც საუბრობს და აცხადებს, რომ „მოვიდა დრო დისიდენტობისა“.
„პარადოქსია, მაგრამ პარტიების აკრძალვა არის ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისაგან ხსნაც კი. თუკი, რაიმე სიშლეგისთვის მადლობა ეთქმის რეჟიმს, ესაა! მოვიდა წინამორბედთა დრო – დრო დისიდენტობისა. დღეს კულტურული ადამიანი აღარ იფიქრებს, აღარც პარტიებზე და აღარც ფრაქციებზე. იარსებებს ბევრი სხვადასხვა ზომის ჯგუფი, საკვანძო საკითხებში ერთმანეთთან კოორდინაციაში! მოხერხდება საკვანძო საკითხებში ერთი ხაზის, ერთი ნების, ერთი დინამიზმის გამოვლენა. როდესაც კვლავ მოვა პარტიული პოლიტიკის დრო, მაშინ მონახოს ყველამ ერთმანეთი, მრწამსობრივი თუ პრაქტიკული ღირებულებების, ელექტორალური თუ პიროვნული ღირებულებების მიხედვით! ააგორეს ქვა, დაუგორდებათ ლოდი!“- აღნიშნავს ნიკა მელია.
ცნობისთვის, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალდებული, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ელენე გოგუაძის გადაწყვეტილებით, მას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ათვლის ვადა 20 ივნისია.




