“ქართული ოცნება” ქარაფშუტულად, ტყუილად ვარაუდობს, რომ ვინმე ნაბიჯს გადადგამს და პარლამენტში შევა იმიტომ, რომ ეს ვიწროპარტიული ინტერესი არ არის, სულ სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესი დევს ამ პროცესში. შესაბამისად, ეს ადამიანები “პარლამენტარობას” ითამაშებს შიგნით, მანამ, სანამ მათ ხალხი ახალი არჩევნების ჩატარებას აიძულებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხალხი მიზანს არ მიაღწევს და საქართველოში ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება.
“სიმართლე არის ერთი: ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაყალბდა ისე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება თვითმარქვიად მოგვევლინა. რაც უფრო დრო გადის, ადამიანები ჩნდებიან, ვინც ამ გაყალბებულ სქემაში ფიზიკურად მონაწილეობდნენ და საუბრობენ სხვების ნაცვლად, როგორ მისცეს ხმა 20-ჯერ, 25-ჯერ. ასეთი მტკიცებულებები მომავალში უამრავი იქნება. ნებისმიერი ეჭვი, თუკი სადმე, რამე არსებობს, ისიც კი გაიფანტება. გაყალბება სისტემური იყო”, – განაცხადა მელიამ.
როგორც მან აღნიშნა, სანამ პრეზიდენტის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი სარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით განხილული არ იქნება, წესით და რიგით, პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა არ უნდა ჩაინიშნოს, მაგრამ ამას არავინ არაფრად აგდებს. “პრეზიდენტმა პირველი სხდომა არ მოიწვია, საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს. “ქართულ ოცნებაში” ხომ შეიძლება კითხვა მაინც დაუსვან ერთმანეთს, დასავლეთმა არჩევნების შედეგები ამ ხელისუფლებას რატომ არ უღიარა? მარტივი ლაკმუსის ქაღალდია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ”, – განაცხადა მელიამ.