ნიკა გვარამია – ამაღლობელის საქმეზე გადაკვალიფიცირებით სასამართლომ საკუთარი საქმე გააკეთა, ამით უბრალოდ მანიპულაცია მოხდა – რაც შეეხება ახობაძეს, გამამართლებელი განაჩენი სისტემის რეაქციაა დეზორიენტაციაზე, მის სისუსტეებზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, , ამ კვირაში სასამართლოს მიერ გამოტანილ ორ განაჩენს კერძოდ, „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და ექიმ, გიორგი ახობაძის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმაურება.
გვარამიას განცხადებით, „არანაირი კეთილი მოსამართლეები არ არსებობენ“.
გვარამიას თქმით, ამაღლობელის მიმართ გამოტანილი განაჩენი არ წარმოადგენს რეალურ სამართალს, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა მუხლის გადაკვალიფიცირება.
გვარამიას მტკიცებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, ხოლო სასამართლომ მუხლის გადაკვალიფიცირებით უბრალოდ მანიპულაცია მოხდა:
„რამდენიმე სიტყვა ამ კვირის განაჩენებზე: მზია ამაღლობელის საქმეზე:
გადაკვალიფიცირებით სასამართლომ საკუთარი საქმე გააკეთა (რაც ზუსტად შეაფასა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა). არავითარი მნიშვნელობა ( ხაზს ვუსვამ, არავითარი) მზიასთვის ამას არ ჰქონია. ის უკანონო პატიმარია და გადაკვალიფიცირებით უბრალოდ მანიპულაცია მოხდა: სასამართლომ, თან ვითომ დაადასტურა თავდასხმა, თან ვითომ “შეამსუბუქა” სასჯელი, თან ვითომ წინააღმდეგობა გაუწია პროკურატურას, თან ვითომ ანგარიში გაუწია საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ, სინამდვილეში, აღასრულა ლოყააწითლებული სამარცხვინო კაცის, დგებუაძის იმთავითვე გამოცხადებული: „…. სისხლით დავიჭერ”.
გადაკვალიფიცირება თან უკანონოა, რადგან ახალ ქმედებაზე, (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე) დაცვას საერთოდ არ უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა – ამაზე პროკურატურა არ დაობდა – და, შესაბამისად, მზიას ამ ქმედებაში მის უდანაშაულობაზე მსჯელობის შესაძლებლობაც კი არ მისცემია.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქალს, რომელიც აწამეს, რომელიც ბრმავდება და ვის მედია საშუალებასაც ანადგურებენ, 2 წელი მიუსაჯეს და თან ისე ვერაგულად, რომ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნების შესრულებასაც შეეცადნენ და საზოგადოებაც დააბნიეს“,- წერს გვარამია.
რაც შეეხება ექიმ გიორგი ახობაძეს, რომლის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, გვარამია ამასაც პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს.
„სისტემას, საკუთარი ამოცანის გადასაჭრელად, სწორედ გიორგის უდანაშაულობის აღიარება დასჭირდა და არა მისი ნეიტრალიზება“,- აღნიშნავს გვარამია.
მისივე თქმით, ეს არა მოსამართლის კეთილ ნებაზე მიუთითებს, არამედ ხალხის ბრძოლის შედეგია, რაც „სისტემას აიძულებს კომპრომისებზე წავიდეს“:
„გიორგი ახობაძის საქმეზე: არ არსებობს არანაირი სამართალი და პროკურატურა, არსებობს ოლიგარქია, რომელიც საკუთარი ამოცანების გადასაჭრელად პოლიტიკურ საქმეებში არა მხოლოდ გამამტყუნებელ განაჩენებს იყენებს, არამედ გამამართლებელსაც. რას გვეუბნება გიორგი ახობაძის განაჩენი? – იმას რომ სისტემას, საკუთარი ამოცანის გადასაჭრელად სწორედ გიორგის უდანაშაულობის აღიარება დასჭირდა და არა მისი ნეიტრალიზება. ეს კი სისტემის პრობლემაზე მიგვითითებს. თუ განაჩენია განსხვავებული, ე.ი. მის უკან მდგომი პრობლემაც განსხვავებულია. რა შეიძლება ეს იყოს? – სანქციები, მორალური წნეხი მოსამართლეზე, სოციალური იზოლაცია, საზოგადოებრივი აზრი და ა.შ, ანუ ყველაფერი, რასაც ხალხის ბრძოლა იწვევს.
გამამართლებელი განაჩენი სისტემის რეაქციაა პრობლემაზე, მის გასაჭირზე, მის დეზორიენტაციაზე, მის სისუსტეებზე, ეს ხალხის დღის წესრიგში ჩაყოლაა და არა საკუთარ დღის წესრიგში ხალხის ჩათრევა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ნამდვილად გამარჯვებაა. ოღონდ ჩვენი გამარჯვება სისტემაზე. არანაირი კეთილი მოსამართლეები, უეცრად თვალახელილი ჯალათები, სინდისით შეწუხებული ნაძირალები არ არსებობენ. არ არსებობს არანაირი სასამართლო და პროკურატურა. ვარსებობთ ჩვენ და სისტემა, ჩვენი ბრძოლა და სისტემის გააფთრება, ჩვენი გამარჯვება და სისტემის მარცხი! თავისუფლება მზიას! ჩემი მილოცვა გიორგი ახობაძეს! ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ! ოლიგარქია უნდა დაემხოს!“,- წერს გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და არ შეუძლია მიიღოს კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები – კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან