სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ! – იმედი მაქვს, რომ ნიკას ეს, მეოთხე დაკავება იქნება ბოლო, აღსრულდება სამართალი და ის ბიჭები, რეჟიმის პატიმრები, ჩვენს შვილებთან, მშობლებთან ერთად შეძლებენ, რომ ანათონ საკუთარ მიწაზე და ანათონ თავისუფლად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფიო ლილუაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან დააკავეს.
როგორც სოფო ლილუაშვილმა აღნიშნა, რეჟიმის ყველა პატიმარი დღეს არის თავისუფლების სინათლე.
„პირველ რიგში, მინდა მათეს ვუთხრა, რომ ის თვითონ არის სინათლე და მას არანაირი სინათლის ძიება არ მოუწევს არსად. მინდა ვუთხრა, რომ ის და რეჟიმის ყველა პატიმარი დღეს არის სინათლე თავისუფლების. სწორედ ამისთვის იბრძვის ნიკა 13 წელია. ამ 13 წლის განმავლობაში მეოთხედ დააკავეს უკვე. პირველი ის იყო, 2013 წელს, რუსული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. პირველი ნიკა დააკავეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნიკას ეს, მეოთხე დაკავება იქნება ბოლო, აღსრულდება სამართალი და ის ბიჭები, რეჟიმის პატიმრები, ჩვენს შვილებთან, მშობლებთან ერთად შეძლებენ, რომ ანათონ საკუთარ მიწაზე და ანათონ თავისუფლად.
სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ! დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ ნიკასთან და სხვა პატიმრებთან, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ეს უნდა. ვისაც ეს არ უნდა და ვინც ვერ ხვდება, რომ მათეს გუშინდელი განაჩენით ქვეყანას გამოუტანეს განაჩენი, ისინი იქნებიან სიბნელის უფსკრულში და არა ეს პატიმრები, არა ნიკა და არა სხვა ბავშვები, ვინც სასჯელს სრულიად უსამართლოდ იხდიან“,- განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია ცოტა ხნის წინ დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. პროკურატურის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა
