ნიდერლანდში ღამის კლუბში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, სამი მათგანი გაათავისუფლა – ქალაქის პოლიცია

ნიდერლანდის ქალაქ ედეში, ღამის კლუბში მძევლების აყვანის გარშემო ვითარება კვლავ დაძაბულია, პოლიცია იტყობინება, რომ განთავისუფლებულია სამი მძევალი.
მედიის თანახმად, ღამით, შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი აიყვანა მძევლად და ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა.
ვერ დადგინდა, რამდენი პირია მძევლად აყვანილი. ჟურნალისტებმა დაინახეს სამი თანამშრომელი, რომლებიც შენობიდან აწეული ხელებით გამორბოდნენ.
შემთხვევის ადგილზე, რომელიც ქალაქის ცენტრშია, პოლიციის რამდენიმე საგანგებო რაზმი გაიგზავნა, იტყობინება პოლიცია სოციალური ქსელის საშუალებით. საზოგადოებას სთხოვეს, მოშორდეს შემთხვევის არეალს. პოლიციის თანახმად, არ არის ტერორისტული მოტივის რაიმე ნიშნები. გარშემო მდებარე 150 სახლიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.
De Telegraaf-ი, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ღამის კლუბ Petticoat-ში შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავდა აყვანილი.
ტელეკომპანია NOS-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზეა დისტანციური მართვის რობოტი, ასევე გამნაღმველები და პოლიციელები დამცველი კოსტიუმებით. ედესთან სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია, იტყობინება სარკინიგზო ოპერატორი NS-ი.
ბოლო წლებში ნიდერლანდში რამდენიმე ტერაქტი მოხდა, მაგრამ არა ისეთი მასშტაბებისა, როგორიც საფრანგეთსა თუ ბრიტანეთში.
ყველაზე სერიოზული ინციდენტი, რომელიც ტერორისტულ თავდასხმას წარმოადგენდა იყო 2004 წელს ამსტერდამში, ქუჩაში, ღიად ანტიისლამისტი კინორეჟისორი და პუბლიცისტი, ტეო ვან გოხის მკვლელობა პირის ხელით, რომელიც ნიდერლანდის ისლამისტურ ქსელთან იყო დაკავშირებული.
(ახალი ამბავი განახლდება)
დაწერეთ კომენტარი