ნიდერლანდებმა, უკრაინის მხარდაჭერის ახალი, 209,5 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, კასპარ ველდკამპის განცხადებით, მხარდაჭერის ახალი პაკეტი მიმართული იქნება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, მათ შორის EBRD-ის მეშვეობით და ასევე, ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე.
გარდა ამისა, ნიდერლანდები უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 45 მილიონ ევროს შეიტანს და საჭირო ტექნიკის მიწოდებას დააფინანსებს.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინელები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთრისთვის ემზადებიან და იმისთვის, რომ ქვეყანამ გაუძლოს, მას ელექტროენერგია სჭირდება.
მანამდე, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდეს. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთი ზამთრის წინ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოშლას და ქვეყნის სიცივესა და სიბნელეში დატოვებას ცდილობს, ამიტომ, მისი თქმით, კიევის დასავლელი მოკავშირეები უკრაინას როგორც საჰაერო თავდაცვის, ასევე ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში უნდა დაეხმარონ.