ნიდერლანდების არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა

ნიდერლანდებში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ (PVV) გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც ჰოლანდიელი გერტ ვილდერსია, რომელიც თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ითხოვდა რეფერენდუმის ჩატარებას ევროკავშირიდან გასვლისა და ლტოლვილებისთვის ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის შესახებ. BBC წერს, რომ მისმა გამარჯვებამ შეარყია ჰოლანდიის პოლიტიკა და ეს შოკს გამოიწვევს მთელ ევროპაშიც.
რაც შეეხება სთან მის დამოკიდებულებას, ვილდერსმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა უნდა შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რადგან მისი თქმით, ქვეყანას თავად სჭირდება იარაღი, რათა შეძლოს თავის დაცვა. მან ასევე უარი თქვა ზელენსკის გამოსვლაზე ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატაში. ასევე გააკრიტიკა უკრაინელი ფერმერებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნა.
ეგზიტპოლების მიხედვით, „თავისუფლების პარტია“ პარლამენტში 150-დან 37 ადგილს დაიკავებს, ხოლო ევროკომისიის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის ლეიბორისტების და მწვანეების მემარცხენეების ბლოკი – 25 მანდატს. მესამე ადგილზეა ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტში 23 მანდატს მოიპოვებს.
მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი ხანგრძლივი იქნება. ვილდერსს მოუწევს დაარწმუნოს სხვა პარტიები, შეუერთდნენ მას კოალიციაში. მისი მიზანი 150-მანდატიან პარლამენტში 76 ადგილია.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივლისში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე 13-წლიანი მმართველობის შემდეგ გადადგა, რის გამოც ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. გადადგომის მიზეზი იყო რუტეს წინადადება ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ, რომელსაც ჰოლანდიის სამთავრობო კოალიციის ორმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ