ლიეტუველი მაღალჩინოსნები მინსკის ხელისუფლების მიმართ სანქციების შემსუბუქებაზე, ან მიდგომის შეცვლაზე საჯარო განცხადებებს აკეთებენ, თუმცა თავისი სიტყვები მალევე უკან მიაქვთ. ექსპერტების აზრით, ეს განცხადებები, შესაძლოა, საზოგადოებრივი აზრის ტესტირებას ემსახურება.
გასულ ხუთშაბათს, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრმა, რემიგიუს მოტუზასმა, რადიო Žinių Radijas-თან („ახალი ამბების რადიო“ – რედ.) საუბრისას, განაცხადა, რომ მინსკთან შესაძლო მოლაპარაკებების შინაარსზე დისკუსიები გაიმართა.
მოგვიანებით, მან ეს განცხადება უარყო.
„ეს იყო ჰიპოთეტური მსჯელობა. არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული ან დაგეგმილი არ არის“, – განუცხადა მოტუზასმა ლიეტუვის ეროვნულ ტელე-რადიო მაუწყებელს (LRT.lt) და იქვე აღნიშნა, რომ იგი ჟურნალისტის თეორიულ შეკითხვას პასუხობდა.
თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლიეტუველი მაღალჩინოსნები ბელარუსთან ურთიერთობის გადახედვის საკითხს აყენებენ და შემდეგ უკან იხევენ. ეს ეხება ისეთ მგრძნობიარე თემასაც კი, როგორიც კალიუმის სასუქების მწარმოებელი „ბელარუსკალიუმის“ სანქცირებაა.
„ბელარუსკალიუმი“ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ მიიჩნევა. მის მიერ წარმოებული სასუქების ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება მინსკზე ზეწოლის გაზრდას ისახავდა მიზნად და ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც 2020 წლის მასობრივ პროტესტებს ბელარუსში ოპოზიციის სასტიკი დარბევა მოჰყვა. ლიეტივის ხელისუფლების კრიტიკოსები ამბობენ, რომ სანქცირების პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო.
გასული წლის მიწურულს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, შეერთებულმა შტატებმა „ბელარუსკალიუმს“ სანქციები მოუხსნა. ამან ლიეტუვაში გააჩინა შიში, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, ვილნიუსსა და ბრიუსელზე ზეწოლა მოახდინოს, რათა შეზღუდვები მათაც შეარბილონ.
„ბელარუსკალიუმს“ ლიეტუვაში დიდი ბიზნეს-ინტერესები გააჩნია, რაც, ექსპერტების თქმით, წარსულში პოლიტიკურ კორუფციას უწყობდა ხელს.
გასული წლის დეკემბერში, ლიეტუვის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დეივიდას მატულიონისმა Žinių Radijas-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქება რეგიონში ამერიკული ჯარების ყოფნასთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული. კრიტიკის შემდეგ, მან სიტყვები უკან წაიღო და განაცხადა, რომ ეს იყო მისი „სპონტანური რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე“.
„ბელარუსკალიუმის“ პროდუქციის ექსპორტი კლაიპედაშიფოტო: ა. კუბაიტისი / საინფორმაციო სააგენტო „ბალტიკ ნიუს სერვისი“ (BNS)
მოგვიანებით, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ტრანზიტიდან მიღებული შემოსავალი, შესაძლოა, უკრაინის დასახმარებლად ყოფილიყო გამოყენებული, იანვარში კი ევროპარლამენტარმა ვიტენის პოვილას ანდრიუკაიტისმა LRT.lt-თან საუბრისას პირდაპირ განაცხადა, რომ ლიეტუვამ სასუქების ტრანზიტი უნდა აღადგინოს.
ვიტის იურკონისი, რომელსაც ბელარუს და რუს პოლიტიკურ ლტოლვილებთან და ოპოზიციონერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ლიეტუვაში განვითარებული მოვლენები „იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ბელარუსის რეჟიმთან ურთიერთობების გადახედვის შესაძლებლობა იტესტება“.
მისი თქმით, ამ მოსაზრებას ამყარებს ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ვილნიუსიდან წასვლა და ლიეტუველი პოლიტიკოსების თანამშრომლობის დაწყება სხვა ბელარუს ოპოზიციონერებთან, მათ შორის – მარია კოლესნიკოვასთან.
წამყვანი ოპოზიციონერი ფიგურა, მარია კოლესნიკოვა, ციხეში გატარებული ხუთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ-ის ძალისხმევით გათავისუფლდა. ამას დაერთო ვაშინგტონის მიერ ბელარუსული სასუქებისთვის სანქციების მოხსნა.
19 იანვარს, „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, კოლესნიკოვამ ევროპას მოუწოდა, განაახლოს მოლაპარაკებები ბელარუსის ხელისუფლებასთან, რათა ქვეყანა რუსულ ორბიტას ჩამოშორდეს და უფრო მეტი პოლიტპატიმრის გათავისუფლება გახდეს შესაძლებელი.
იურკონისი ამბობს, რომ კოლესნიკოვას გარემოცვის წევრები უკვე შეხვდნენ ლიეტუველ პოლიტიკოსებს როგორც მმართველი კოალიციიდან, ისე ოპოზიციიდან და შემდგომი შეხვედრების ორგანიზებას ცდილობენ. „საიდუმლო არ არის, რომ დღის წესრიგის მთავარი საკითხი სანქციების მოხსნაა“, – განაცხადა მან.
კოლესნიკოვას გუნდმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
„ორშაბათს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგა რუგინიენე მარია კოლესნიკოვას შეხვდა“, – ნათქვამია ლიეტუვის მთავრობის პრეს-რელიზში.
იურკონისი მიიჩნევს, რომ მინსკთან ურთიერთობების შესაძლო განახლების შესახებ გავრცელებული სპეკულაციების გასაბათილებლად, ლიეტუვამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგალითად, – მხარი დაუჭიროს ევროკავშირის დამატებით სანქციებს.
„ამის გაბათილება განცხადებებით ან პრესკონფერენციებით ვერ მოხდება, საჭიროა ქმედებები. სწორედ ამით შეიძლება მკაფიოდ იმის წარმოჩენა, რომ ჭორების ეს „ბუშტი“ იჩუტება“, – დასძინა მან.
„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წყაროების ცნობით, ნებისმიერი რეაგირება მინსკის წინა შეთავაზებაზე, რომელიც მინისტრის მოადგილეების დონეზე შეხვედრას ითვალისწინებდა, ლუკაშენკოს რეჟიმის ლეგიტიმაციის ტოლფასი იქნება. სოციალ-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ჰიპოთეტური დისკუსიებიც კი მხოლოდ თებერვლის ბოლოს, ევროკავშირის მიერ დამატებითი სანქციების შემოღების შემდეგ უნდა გაიმართოს.
„ტიხანოვსკაიას ოფისმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამერიკელები სანქციების მოხსნას არ ითხოვენ. იმავეს ვისმენ სხვა დიპლომატებისგანაც“, – ამბობს იურკონისი.
გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ, პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ასევე უარყვეს ხმები იმის შესახებ, რომ ლიეტუვის გავლით ბელარუსული სასუქების ექსპორტის განახლებაზე დისკუსიები მიმდინარეობს.
ბელარუსული პოლიტიკური დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების გამართვის ან სანქციების მოხსნის შესახებ მინიშნება ლიეტუვისგან არ მიუღიათ, თუმცა ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ მსგავსი დისკუსიების დაწყება მხოლოდ დროის საკითხია.
სანქციების შემსუბუქების წინადადებებს ბელარუსის დიასპორაში კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, ყოფილი პოლიტპატიმრების მხრიდან.
კრიტიკოსების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დაკავებული გაათავისუფლეს, თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი კვლავ ციხეში იმყოფება ან დაკავებას ექვემდებარება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბელარუსში რეპრესიები გრძელდება.
წყარო: 1 არხი




