აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ მათ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული დეზინფორმაციის გასაპროტესტებლად, აშშ-ში საქართველოს ელჩ, თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.
სახდეპში გამოცემა “ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ “ოცნების” წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია “არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.”
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რათა დაეფიქსირებინა ჩვენი წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებს აძლიერებდა. ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.
განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა.
სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებების გამო, რომლებიც „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსებას“ უკავშირდება.
მამუკა მდინარაძის განცხადება
სუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ 2025 წლის პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი ქვეყნის საელჩოს „ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში“ და „დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს“.
„ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ, დავუშვათ, კი ბატონო, ებრძოლოს – მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი – ჩინურ საფრთხეებს და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.