ნეტგაზეთი/ბათუმელები ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მიერ შესყიდულ ტყესა და მიწის ნაკვეთზე ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და გამოვთქვამთ წუხილს დაშვებული შეცდომის გამო.
პარლამენტის თავმჯდომარის დეკლარაციის თანახმად, ზურაბ პაპუაშვილის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ფაქტობრივი თანამესაკუთრე იყო შალვა პაპუაშვილი, რომელმაც მიწის 50% საკუთრებაში 2020 წელს დაირეგისტრირა [გადახდილი საფასური – 1 ლარი].
გარდა ამისა, პაპუაშვილმა ანალოგიურად დაირეგისტრირა 2020 წელს სიღნაღში, სოფელ ვაქირში, 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ზურაბ პაპუაშვილის სახელზე რეგისტრირებული ამ მიწის ფაქტობრივი თანამესაკუთრე პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
ბათუმელები/ნეტგაზეთის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ 20 ჰექტარი ტყე 1 ლარად გადასცა სიღნაღში, მდინარე ალაზნის სანაპიროზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა აღნიშნული ქარდი მოამზადა შალვა პაპუაშვილის ქონებრივ დეკლარაციებზე და საჯარო რეესტრის ზოგიერთ მონაცემზე დაყრდნობით, საიდანაც რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მან სახელმწიფოს კუთვნილი მიწა დაირეგისტრირა 1 ლარად.
სქრინი შალვა პაპუაშვილის დეკლარაციიდან
ქარდის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა შალვა პაპუაშვილის პრესსამსახური, რომელმაც განმარტა, რომ პაპუაშვილმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1 ლარად შეისყიდა არა სახელმწიფოსგან, არამედ ბიძაშვილისგან.
„ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია გადაამოწმა საჯარო რეესტრში, სადაც მოიძია დამატებითი დოკუმენტები. დოკუმენტების თანახმად, პაპუაშვილის ბიძაშვილმა სახელმწიფოსგან ეს ნაკვეთი ჯერ მიიღო 49-წლიანი იჯარით, 2011 წელს კი, დაირეგისტრირა საკუთრებაში.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ამ მიწით იჯარამდე წლების განმავლობაში სარგებლობდა პაპუაშვილის ბაბუა, ზურაბ პაპუაშვილის მიერ საკუთრებად დარეგისტრირების შემდეგ კი, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ამ ნაკვეთის ფაქტობრივი თანამესაკუთრე. მისი 50% წილი შალვა პაპუაშვილმა 2020 წელს დაირეგისტრირა საკუთრებაში და მისი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გადაიხადა 1 ლარი.
შესაბამისად, „ბათუმელების“ ქარდში მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ პაპუაშვილმა თანასაკუთრებაში არსებული 20 ჰექტარი ტყიანი მიწის ნაკვეთი მიიღო არა სახელმწიფოსგან, არამედ ბიძაშვილისგან 1 ლარად.
ჩვენი რედაქციისთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სწორედ ამიტომ კითხულობთ ახლა ამ ტექსტს. არავინ განიცდის ახლა ჩვენზე მეტად ჩვენ მიერ დაშვებულ ამ შეცდომას, მაგრამ არსებული ვითარებიდან და წნეხიდან გამომდინარე, რომელშიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუდმივად ვიმყოფებით, დავუშვით შეცდომა, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს მკითხველს.