ნერგეეთში მეწყერმა დასახლებამდე 30-40 წამში მიაღწია – კიდევ რა წერია გეოლოგების დასკვნაში

სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყრული პროცესები კლიმატური ცვლილებების შედეგია. სამ დღეში მოვიდა იმ მოცულობის ნალექი, რაც 15 დღეში იყო მოსალოდნელი. ამის შესახებ წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მომზადებული დასკვნაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
ნერგეეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყლის ხეობაშია გაშენებული. მიწის მასა 3-დღიანი წვიმის შემდეგ მოწყდა სოფლის ჩრდილოეთ ნაწილიდან, სადაც ფერდობის დახრილობა 40-დან 60 გრადუსამდე იცვლება. იმ დღეს, მეწყერმა ოთხი სახლი გაანადგურა და ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
7 თებერვალს ასევე დაზიანდა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, ელექტრო გადამცემი ხაზები, გაზისა და წყლის მილსადენები. მიწის ჩამოწოლილი მასა საშიშროებას დღემდე უქმნის შვიდ ოჯახს.
გელოგიური დასკვნის მიხედვით, ძლიერ ნალექთან ერთად, კლდეზვავური მეწყერის გააქტიურების ხელშემწყობი ფაქტორი რამდენიმე გარემოება აღმოჩნდა:
· ძლიერად გამოფიტული ფერდობი;
· ძლიერმა ნალექმა დაამძიმა ქანები და წყალგაუმტარ სივრცეში გადაიტანა.
მიწის მოწყვეტის არეალიდან საცხოვრებელ სახლებამდე მანძილი 270-280 მეტრია. პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში. მოწყვეტილია, სავარაუდოდ, 150-160 ათასი კუბური მეტრი მიწის მასა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდა, რომ ნერგეეთში მეწყერი იყო მოსალოდნელი. თუმცა სააგენტოს ახალ გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ იქ, სადაც 7 თებერვალს მიწა მოწყდა, საფრთხეები არ შეფასებულა.
იმის გამო, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცლებელია ჩამოწოლილი მიწის გატანა და ჩამოშლილი ფერდობის ფორმირება გარემოს ეროვნული სააგენტო ხელშეკრულების დაჩქარებულ ვადებში დასადებად შესყიდვების სააგენტო სთხოვს თანხმობას. ერთთვიანი სამუშაოების ჩასატარებლად ჯამში მილიონი ლარია გამოყოფილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე