ნეპალის ხელისუფლებამ მობილური მესენჯერი Telegram ოფიციალურად დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Kathmandu Post, ადგილობრივ ინტერნეტ-მარეგულირებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროვაიდერების განცხადებით, მათ დაევალათ შეწყვიტონ მესენჯერზე წვდომა.
დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება ნეპალის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მათი განცხადებით, იმატა მესენჯერის საშუალებით განხორციელებული თაღლითობისა და ფულის გათეთრების შემთხვევებმა.
ინიციატივა ნეპალის პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომელმაც ამ მოთხოვნით მიმართა კომუნიკაციების სამინისტროს.
2023 წელს ნეპალმა ასევე აკრძალა TikTok, რაც „სოციალური ჰარმონიის დარღვევით“ ახსნა, თუმცა აკრძალვა 2024 წლის აგვისტოში მოიხსნა.
2025 წლის აპრილში ნეპალის მთავრობამ კომპანია Meta-ს (WhatsApp-ის მფლობელს) მოთხოვნა წაუყენა, რომ მესენჯერი ქვეყანაში ოფიციალურად დაერეგისტრირებინა. მანამდე უკვე დარეგისტრირდნენ WeChat და Viber.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას Telegram-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია „გაოცებულია“ მარეგულირებლის ბრალდებებით. მისი თქმით, Telegram რეგულარულად პასუხობს ნეპალის მთავრობის ლეგიტიმურ მოთხოვნებს და აქტიურად ახდენს მავნე შინაარსის მოდერაციას, მათ შორის თაღლითობისა და ფულის გათეთრების შემთხვევებისას.
