ნეონაცისტური დაჯგუფების საქმე – რას ითხოვს დაკავებული ჯარისკაცი

ხალხის ჯგუფურად წამების საქმეზე შესაძლოა დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს. ნეონაცისტური ჯგუფის 14 წევრის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა, თუმცა გამოყოფილ საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. პროკურატურას ჯერ კიდევ დასადგენი აქვს იმ ადამიანების ზუსტი ვინაობა, ვინც დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაიმეტა.

ხალხის წამების რეზონანსულ საქმეზე დაკავებული ჯარისკაცის ადვოკატი დღეს მოსამართლეს სთხოვდა ნიკოლოზ ტომბულოვი სამხედრო სარდლობის მეთვალყურეობის ქვეშ გადაეცათ. მოქმედი სამხედრო, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანი იყო, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ისევ პატიმრობაში დატოვა.

ნეონაცისტური დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება ის ვიდეო კადრებია, რომელსაც ხალხის წამების დროს ბრალდებულები თავად იღებდნენ. სწორედ დაკავებულების ტელეფონებიდან ამოღებული მასალა ცნო დღეს დასაშვებად საქალაქო სასამართლომ.

ჯგუფის წევრები, რომლებიც თავს ნეონაცისტებს უწოდებენ, მოზარდებს და სკოლის მოსწავლე გოგონებს აერთიანებდა. ისინი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსწორდებოდნენ ხალხს, ვინც მათ შეხედულებებს არ იზიარებდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.