ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 27 სექტემბერი, 2024Mike Segar/Reuters8 აპრილს ვიდეო მიმართვისას ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან დარჩენილი ამოცანების შესრულება ან შეთანხმების მეშვეობით ან ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განახლებით მოხდება.
“მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მისაღწევი მიზნები კიდევ დაგვრჩა და ამ მიზნებს ან შეთანხმებითა და კონსენსუსით მივაღწევთ, ან ომის განახლებით, რადგან ამისთვის ნებისმიერ დროს ვართ მზად, როცა ამის საჭირო იქნება.” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი “რეგიონში ქვეყნებთან ახალ ალიანსებს ქმნის,” რადგან ირანის წინააღმდეგ ომში ისრაელმა ძალა და მიზანდასახულობა აჩვენა.
ამასთან, ისრაელის პრემიერის თქმით, დღეს, 8 აპრილს, ისრაელმა ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციას 2024 წლის სექტემბრის “პეიჯერების ოპერაციის” შემდეგ ყველაზე ძლიერად დაარტყა: “ჩვენ 10 წუთში 100 სამიზნეზე მივიტანეთ იერიში, ისეთ ადგილებში, რომლებზეც ჰეზბოლა დარწმუნებული იყო, რომ დაცული იყო.” – თქვა მან.
მანამდე ირანის სამთავრობო მედიამ, Fars-მა გაავრცელა ცნობა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების გადაადგილება კვლავ შეაჩერეს, რის მიზეზადაც ლიბანზე ისრაელის იერიშებს ასახელებენ.
ირანული სამთავრობო მედიის ცნობით, აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის გაფორმების შემდეგ სრუტეში ორმა ტანკერმა გაიარა, თუმცა გემების გადაადგილება ისრაელის ბეირუთზე დარტყმის შემდეგ შეაჩერეს.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანისთვის მიცემული ვადის გასვლამდე ორი საათით ადრე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს ორი კვირით აჩერებდა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, თეირანი “ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას” დათანხმდა.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი ირანის “მთელი ცივილიზაციის განადგურებით” დაიმუქრა, რასაც წინ უძღოდა ტრამპის განცხადება, რომ ვადის გასვლამდე შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებზე მასშტაბურ თავდასხმით კამპანიას წამოიწყებდა.
ტრამპი: ირანზე შეტევას ორი კვირით ვაჩერებ, ეს ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება!
ამის მიუხედავად, ირანის სამთავრობო მედიის მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია, რის საბაბადაც ირანი ლიბანზე ისრაელის იერიშებს ასახელებს. თავის მხრივ, ტრამპი უარყოფს, რომ ირანთან დადებულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის საკითხიც იყო გათვალისწინებული.
ამავდროულად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ როგორც ტრამპმა, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ახსენა ირანის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა “მოლაპარაკებებისათვის გამოსადეგი საფუძველი” უწოდა. თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ მედიაში გავრცელებული ირანის 10-პუნქტიანი პირობების სია განსხვავდება იმ 10-პუნქტიანი წინადადებისგან, რომელიც აშშ-მ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის გამოსადეგ საყრდენად ჩათვალა.
ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ირანმა იერიში მიიტანა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობის მილსადენზე, რომელიც სამეფოს ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. საუდის არაბეთის ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ცხრა დრონი უვნებელყვეს, ხოლო ქუვეითმა განაცხადა, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ირანული დრონებით თავდასხმას “მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი” მოჰყვა.