ისრაელის მთავრობამ მის მიერ ტერიტორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ დაადანაშაულა დროებითი ზავის პირობების დარღვევაში და განაცხადა, რომ კვლავაც აპირებს ომის მიზნების მიღწევას.
დღეს, 1 დეკემბერს ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ არ შეასრულა ყველა მძევალი ქალის გათავისუფლების ვალდებულება და ისრაელის მოქალაქეებს რაკეტებით შეუტია.
ისრაელის პრემიერის ოფისის თანახმად, ომის მიზნებად რჩება მძევლების გათავისუფლება, „ჰამასის“ ლიკვიდაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზის სექტორი აღარასდროს იყოს საფრთხე ისრაელის მცხოვრებთათვის.
დღეს დილით, ისრაელის არმიამ პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ დაადანაშაულა დროებითი ზავის პირობების დარღვევაში და საბრძოლო მოქმედებები განაახლა. ისრაელის არმიის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასმა“ დაარღვია ოპერატიული პაუზა და ცეცხლი გაუხსნა ისრაელის ტერიტორიას.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავის მოქმედების ვადა დღეს, 1 დეკემბერს ადგილობრივი დროით 07:00 საათზე იწურებოდა და ვრცელდებოდა ცნობა ზავის შესაძლო გაგრძელების შესახებ. თუმცა, ჯერ კიდევ ვადის ამოწურვამდე, ისრაელის მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეტევა მოიგერია.
CNN-ის ცნობით, ღაზის სექტორის შსს-მ განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ ღაზის ჩრდილო-დასავლეთს ცეცხლი გაუხსნა დროებითი ზავის ვადის ამოწურვიდან რამდენიმე წუთში და ამჟამად სექტორის მთელ ტერიტორიას უტევს. BBC-ს წყაროს ინფორმაციით, „ჰამასი“ მიიჩნევს, რომ ზავის პირობები ისრაელმა დაარღვია, რადგან უარი თქვა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში საწვავის შეტანაზე.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 22 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ღაზის სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული მძევლების, ძირითადად ქალების და ბავშვების გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გაშვებას და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას, მათ შორის საწვავის შეტანას.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე. 30 ნოემბერს დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით, 1 დეკემბრის 07:00 საათამდე გაგრძელდა. 30 ნოემბერს „ჰამასმა“ 8 მძევალი გაათავისუფლა, ხოლო ისრაელმა – 30 პალესტინელი პატიმარი.
7-დღიანი ჰუმანიტარული პაუზის პერიოდში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 100-ზე მეტი მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 240-მდე პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზის სექტორში 240-მდე მძევალია.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასის” მიერ მართულ ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.