ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ღაზის უსაფრთხოებას მათი თავდაცვის ძალები (IDF) გააკონტროლებენ.
“მე ვთქვი, რომ იქნება დემილიტარიზაცია. ვთქვი, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იქნება, რადგან არ არსებობს სხვა ფაქტორი, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საიმედო იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ იქნება სამოქალაქო მმართველობა, რომელიც ბავშვებს არ ასწავლის ისრაელის განადგურებას,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა “ჰამასზე” “დამანგრეველი გამარჯვება,” რათა შემდეგ ჩრდილოეთით ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას შეკავებაზე იზრუნონ. როგორც ისრაელის პრემიერი ამბობს, შემდეგ ისინი ფოკუსირებულნი იქნებიან ქვეყნის ჩრდილოეთით, სადაც 100 000-მდე ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.
ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი ჩრდილოეთ საზღვარზე სიტუაციას ან დიპლომატიურად მოაგვარებს, ან ამ პრობლემის მოსაგვარებლად “იქნება განსხვავებული გზაც”.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.