ნეთანიაჰუმ „ჰამასს“ მოუწოდა, ისრაელის არმიას დანებდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასის“ დასასრული ახლოვდება. ს პრემიერის ოფისმა 10 დეკემბერს, ღამით გაავრცელა ნეთანიაჰუს 24-წამიანი ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ ბოლო დღეებში ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა „ჰამასის ათეულობით ტერორისტი“. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანახმად, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ეს „ჰამასის“ დასასრულის დასაწყისია. ბენიამინ ნეთანიაჰუ „ტერორისტებს“ მიმართავს, რომ „ყველაფერი დამთავრებულია“, ნუღარ დაიხოცებიან და ახლავე დანებდნენ.
ისრაელის არმიას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ რამდენი წევრი ჩაბარდა ისრაელელ სამხედროებს.
10 დეკემბერს, „ჰამასის“ ტელევიზიით გადაიცა მოძრაობის სამხედრო ფრთის პრესმდივნის აბუ ობეიდას განცხადება, რომ ისრაელის არმია „ჰამასს“ ვერ გასტეხს და საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება. ისრაელის გარდა, „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ და ევროკავშირი.
ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალები ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებენ ღაზის სექტორის სამხრეთში. ადგილობრივი სამოქალაქო მოსახლეობა უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისშია.
„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 17 700-მდე პალესტინელი, ძირითადად, ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, პალესტინელთა ამ რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
· „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს და მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.