რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე კი არა, დანიშნულების ადგილამდე ვერ მიგიყვანთ? დიახ, ეს ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთია, მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაც წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს.
ადგილობრივ „ქოცებს“ რომ ჰკითხოთ, მარტო მუშაობენ და არ იციან, რეაბილიტაცია როდის დასრულდება. ამასობაში კი გზა თანდათან ფუჭდება და გადაადგილება შეუძლებელი ხდება. „შავი გზა“ – ასე ეძახიან ადგილობრივები გზის ამ მონაკვეთს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი „შავი გზა“ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. ყოველ შემთხვევაში, „თაიმერს“ უწყებაში უთხრეს, სანამ წერილობით არ მოგვმართავთ, რომ ხალხი შეწუხებულია, სიტყვასაც არ გეტყვითო და… ტუ-ტუ-ტუ… აღნიშნული უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ტელეფონი ისე გათიშა, თითქოს მეფის მასხარა ყოფილიყოს და ჩვენთან საუბარზე მეტად მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა, ანუ მეფე უნდა გაერთო. ისე, მხოლოდ „ქოცები“ ღმერთებმა უწყიან ეს პრესსამსახურები და სხვა ათასი ჯურის საჯარო მოხელეები ხელფასს ბიუჯეტიდან რისთვის იღებენ, თუმცა ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი მშვიდად ნახეთ ვიდეო, რომელზეც ზემოთხსენებული გზის მონაკვეთია აღბეჭდილი, ოღონდ აქვე გაფრთხილებთ, არ ჩათვალოთ, რომ ეს ვიდეო 90-იანების არქივიდანაა. არა, ქალბატონებო და ბატონებო, ეს 21 საუკუნის წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზაა, რომელიც მალე, ალბათ, აღარ იარსებებს.
და აქვე, წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური საქალაქთაშორისო გზის მოვლა-პატრონობის ვალდებულება ცენტრალურ ხელისუფლებას ეკუთვნის.