“ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან ერთი წლისთავზე, ლევან ხაბეიშვილის მმართველობის ფორმა პარტიის მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის ისევ დაპირისპირების თემაა. პარტიის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ხაბეიშვილის მმართველობის პირობებში მოუწია “ნაციონალური მოძრაობის” ათასობით წევრს პარტიის დატოვება, როგორც თბილისში, ისე – რეგიონებში, რადგან ისინი მისი მმართველობის ფორმით და პარტიაში არსებული ჩრდილოვანი მმართველობით უკმაყოფილოები იყვნენ.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დღითიდღე სუსტდება, მისი რეიტინგი სულ უფრო მცირდება, რაც არჩევნებზეც დადასტურდება.
„თვითონაც საუბრობენ, რომ მათი მოწოდება შემცირებული არის მათ ამომრჩეველში. საერთო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება გულისხმობს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ვგულისხმობ მხოლოდ პარტიას, ვგულისხმობ ყველა მის დაჯგუფებას, რადიკალურ ფრთას – „ლელოს“, ნაკლებად რადიკალურ ფრთას – გახარიას პარტიას და ა.შ. ყველა ეს დაჯგუფება, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის ქვეშ არის.
ეს არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მოქმედებს ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ და ემსახურება ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ჯგუფს, ეს არის პრობლემა. ამიტომ, სანამ ამ პოლიტიკურ ფილოსოფიაზე იქნებიან დაფუძნებული, რომელიც ძალადობას და სხვა ქვეყნების ინტერესების მსახდურებას გულისხმობს, მათი შედეგი ყოველთვის იქნება ასეთი,“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ პოლიტიკური ძალების მთავარი პრობლემა არ არის ის, თუ ვინ იქნება კონკრეტული თავმჯდომარე, არამედ მთავარი ბარიერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ის პოლიტიკა, რომელიც პარტიას წლების განმავლობაში ჰქონდა და ახლაც აქვს.
„ერთი წლისთავი აქვს ჩემს ბაჯალარა ბაჯაღლო ხაბეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავის პარტიაში და რამე თუ მელია ჩამოაგდო, შემდეგ გააერთიანა მთელი „სანაცეთი“ ჩვენი ქვეყნის, ამ ძლევამოსილი არმიით შემდეგ შეუტია და დაიხსნა თავისი ბელადი. შემდეგ, დაიმორჩილა გულების ძალები, იყო ესეც და ახლა ერთიანი ძალისხმევით უტევს არჩევნებს, რომ უნდა გაიმარჯვოს. რა უნდა გაეკეთებინა, რაც იყო ბედოვლათი მანამდე, ის არის ახლაც. იმდენად სამარცხვინო შედეგებით არის, რომ უკვე ტელევიზიაც კი ემიჯნება. გახსოვთ თქვენ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ვინც არის, ჩემს გარემოცვაშიო ყველა დასცინისო, ეს მიიღეს. მე კი არ დავცინი პიროვნულად, არა, ოქროს გული აქვს მაგას ვენაცვალე, მაგრამ პოლიტიკურად – ღირსეული თავმჯდომარეა ამ პარტიის. აბა, თქვენ იცით, ერთმანეთს მოუწყვეთ კიდევ რევოლუციები, დაიყავით და ის ვაშაძე დაისვით თავზე,“ – აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.