ორმა სუბიექტმა, რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 [„კოალიცია ცვლილებისთვის“] და 5 [„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“] წილისყრაში იქნება გათამაშებული,- ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე, ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საერთო ჯამში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17-მა პარტიამ შეიტანა განაცხადი, ხოლო 5 საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ის ნომრები მიენიჭათ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ.
„8 აგვისტოს საღამოს 18:00-ზე დასრულდა განცხადებების მიღების პროცესი და დღეის მდგომარეობით, სულ 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა ცესკოს არჩევნებში თანამონაწილეობს მიზნით, საიდანაც 14 სუბიექტი უკვე რეგისტრირებული გახლავთ, სამ სუბიექტთან კი პროცესი განხილვის პროცესშია და კანონით გათვალისწინებულ ვადებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
ინსტიტუციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, დასრულდა მომართვის ვადა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საკითხის შესაბამისად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს განხილვა, რათა დროულად იქნეს პარტიებისთვის რიგითი ნომრების მინიჭება, რომელიც მათ საინფორმაციო საარჩევნო კამპანიებში იქნება გამოყენებული.
5-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლებმაც ვადებში მოგვმართეს, მათ პირდაპირ მიეკუთვნებათ ის რიგითი ნომრები, რომლითაც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ. 12 სუბიექტის შემთხვევაში განხორციელდება წილის ყრა, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს 1-ელი ნომრიდან, 12 თავისუფალი ნომერი.
ორმა სუბიექტმა, რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 [„კოალიცია ცვლილებისთვის“] და 5 [„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“] წილისყრაში იქნება გათამაშებული“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ასევე, წილისყრის მიხედვით საარჩევნო ნომერი 4 პარტია „ქართველ ერთობას“, ხოლო საარჩევნო ნომერი 5 პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ ერგო.
ამაზე “ახალმა” და ენმ-მა შეფასებები გააკეთეს.
“ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ უკომპრომისოები და შეუპოვრები – ჩვენთვის ციხე არ არის საფრთხე, ჩვენ საკუთარი სიცოცხლით და ჯანმრთელობით ვრისკავთ – ჩვენ ნამდვილად ვერ ვიქნებოდით გამოკიდებული საარჩევნო ნომერზე. თუ უნდათ “ხუთიანის” წაღება, შეუძლიათ წაიღონ და დააბინაონ შესაბამის ადგილზე. როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, “ხუთიანი” დაუბრუნდება მის პატრონს. იქამდე კი, “ქართული ოცნება” თავის რუსულ სპეცოპერაციაში “ხუთიანს” ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია”
თავის დროზე ჩვენ ცესკო-ს ფორმალურად მივმართეთ, რომ “ხუთიანის” ბედი ყოფილიყო ჩვენს ხელში, მაგრამ, რადგან გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას ხუთიანი აახიონ”, შეუძლიათ წაიღონ და დააბინაონ იქ, სადაც სხვა დოკუმენტების შენახვაც მოუწევთ, მათ შორის იმ კომისიის დასკვნის, რომლის გამოქვეყნებასაც სექტემბერში აპირებენ,”- თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან სანიკიძემ IPN-ის ცნობით.
საარჩევნო ნომრის დაკარგვას გამოეხმაურა პარტია “ახალიც” თენგო თევზაძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაციას არა საარჩევნო ნომერი, არამედ ხალხი აძლევს.
“იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში პოლიტპატიმრებს უსჯიან ერთი მეორეს მიყოლებით სასჯელს, ქართულმა ოცნებამ, რუსულმა რეჟიმმა და მისმა ბანდამ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჰქვია, გადაწყვიტა კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს წაართვას საარჩევნო ნომერი. ნომერი არ აძლევს პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაციას. ლეგიტიმაციას პოლიტიკურ პარტიას აძლევს ხალხი და აძლევს ის სამართლიანი არჩევნები, რომელიც აუცილებლად ჩატარდება ამ ქვეყანაში.” – თქვეს ბრიფინგზე.
პარტიის ცნობით, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას ქართული ოცნების გარდა 16 ოპოზიციურად წოდებული პარტია იღებს. მათთვის კი მთავარი არა საარჩევნო ნომერი, არამედ ქართული ოცნების დამარცხებაა.
“დღეს ჩვენ ე.წ. არჩევნებში ვხედავთ ქართულ ოცნებას და 16 სისტემური ოპოზიციის ნაწილს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ბიულეტენში შეიტანონ ნომერი 4 და რომელიღაც ოპოზიციურად წოდებულ პარტიას მიაღებინონ ამ ნომრით არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენთვის ნომერი არ არის მთავარი, ჩვენთვის არის მთავარი ქართული ოცნების და იმ კრიმინალური ბანდის დამარცხება, რომელიც საქართველოს და ჩვენ სახელმწიფოს საუკუნოვან ისტორიულ ფუნქციას აკარგვინებს. აუცილებლად, შემდეგი არჩევნები იქნება სამართლიანი, აუცილებლად გაუქმდება ამ ე.წ. არჩევნების შედეგები, რომელსაც ქართული ოცნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად გვასაღებს.” – განაცხადა თენგო თევზაძემ ბრიფინგზე.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 17 პარტია დარეგისტრირდა.
ცნობილია პარტიები, რომლებიც საარჩევნო ნომრებს ინარჩუნებენ:
· ნომერი 8 – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
· ნომერი 9 – ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!;
· ნომერი 25 – გახარია საქართველოსთვის;
· ნომერი 36 – ახალი პოლიტიკური ცენტრი (შემოკლებული დასახელება “გირჩი”)
· ნომერი 41 – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო.
ხოლო, დარჩენილ 12 პარტიას საარჩევნო ნომერი მომავალში მიენიჭება.
· ჩვენი გაერთიანებული საქართველო;
· საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია;
· მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “კონსერვატორები საქართველოსთვის”;
· საქართველო;
· თავისუფალი საქართველო
· მწვანეთა პარტია;
· მემარცხენე ალიანსი;
· მესამე გზა
· ქართველ ერთობა;
· მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – მამული, ენა, სარწმუნოება;
· მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – სახალხო ხელისუფლება;
· დემოკრატთა ალიანსი
თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, უკვე გამოსცა.
