“ნაციონალური მოძრობა” არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ კრიზისშია. პარტია დედაქალაქის მსგავსად რეგიონებშიც ორად გაიყო. მოქმედი თავმჯდომარის წასვლას ითხოვენ ყველგან, თბილისშიც და რეგიონების საკრებულოების უმრავლესობაშიც.
მოქმედი თავმჯდომარე, “აჯანყებულებს” თანამდებობებიდან ათავისუფლებს. ფოთის საკრებულოს ფრაქციას, უკვე აღარ ხელმძღვანელობს მიხეილ სააკაშვილის ერთგული გულშემატკივარი, დარეჯან ცხვიტარია.
დარეჯან ცხვიტარია, ორი წელია განურჩევლად ამინდისა, “ვივამედის” კლინიკასთან ზის. მიზეზი მიხეილ სააკაშვილია. თუმცა ეს მისი ერთადერთი საქმიანობა არ არის. იყო ფოთის საკრებულოს, “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე. იყო, რადგან ეს სკამი განსხვავებული აზრის გამო ჩამოართვეს. ითხოვდა ხაბეიშვილის გადადგომას. ის არ გადადგა თუმცა თავად გადააყენეს, ამ ნაბიჯმა კი, დარეჯან ცხვიტარიას შულავერის კომიტეტი გაახსენა.
ფოთი გამონაკლისი არ არის. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმებას და ხაბეიშვილის წასვლას, თითქმის ყველა და თითქმის ყველგან ითხოვენ. როგორ აღმოჩნდა “ნაციონალური მოძრაობა” ამ ტურბულენტობაში? ყველაფერი 10 თვის წინ დაიწყო.
ლევან ხაბეიშვილის საბედისწერო ხელმოწერა, 27 ნოემბრით თარიღდება. ხელმოწერამ ყოფილი პარტიიდან ვერ გარიცხა, თუმცა თავად ხაბეიშვილს ბევრი პრობლემა შეუქმნა. პრობლემებზე იქამდეც ბევრი, ბევრს საუბრობდა. ეს მას შემდეგ რაც, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობაზე ხაბეიშვილის ბედისწერა დაიწყო. 10 თვის წინ, ბევრი დაპირებით და 52 პროცენტიანი მხარდაჭერით მოვიდა, მაგრამ გამარჯვებიდან მალევე, ვერც მთავარი დაპირება- სააკაშვილის თავისუფლება აასრულა და ვერც თანაპარტიელთა მხარდაჭერა შეინარჩუნა.
არჩევნები უკვე მოთხოვნილი იყო, მოთხოვნა კი ღამის 12 საათზე საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასაკარგი დრო არ იყო.
სააკაშვილის ჯანმრთელობისა და გათავისუფლების თემა გაააქტიურა. ამ აქტიურობიდან მალევე, საბოლოოდ გადაწყდა, რომ პარტიას ახალი თავმჯდომარე უნდა აერჩია. აირჩიეს და ფსონი ამჯერად ლევან ხაბეიშვილზე დაიდო.
პირობა იქამდეც დადო. პრიორიტეტები გეგმაში 12 პუნქტად გაწერა და სახელიც დაარქვა -“ნაციონალური უძრაობიდან – ნაციონალურ მოძრაობამდე.“
გავიდა დღეები, თვეები და სიტყვები საქმედ ვერ აქცია. თუმცა ახალი იდეა გაუჩნდა და პატიმარს ფასიც დაადო. როცა ვერაფერს გახდა, პარტია საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა.
ხალხი ქუჩაში დაპატიჟა, თუმცა ვერ გაიყვანა. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთობა ვერც აქციებზე, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის გარშემო აჩვენა. რეგიონებიდან თბილისში არ ჩამოვიდნენ და როცა თავები, თავმჯდომარემაც მარტივად დათვალა სტრატეგია შეცვალა და რეგიონებში თავად წავიდა.
ჩავიდნენ და სხვადასხვა მისამართებს, შეკრებისთვის ერთი და იგივე დრო დაუმთხვიეს. საბოლოოდ, მრავალ ათასიანი აქციები ვერც რეგიონებში შედგა.
ხაბეიშვილის გეგმა ჩავარდა, აქციებით და რეგიონებში სიარულით მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ვერ დაიხსნა და ბევრ თვიანი უშედეგო მცდელობების შემდეგ, მოქმედებაზე ისევ ყოფილი პრეზიდენტი გადავიდა. მიხეილ სააკაშვილი ჯერ განიკურნა, შემდეგ პოლიტიკაში მეორედ მოსვლა დააანონსა, მოგვიანებით კი მაშველი რგოლის ფუნქცია მოირგო და თითქმის დაშლილი პარტიის სამოქმედო გეგმაზეც პასუხისმგებლობა თავად აიღო.
ვინ არის პასუხისმგებელი პარტიის მოქმედებაზე? ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის დროს, კითხვაც ბევრჯერ გაისმა და ბრალდებაც- არაფორმალურ მმართველობაზე. კონკრეტულად კი თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე, რომელმაც 10 თვის განმავლობაში, პარტიის მენეჯმენტს არაერთხელ უმასპინძლა კვიპროსში.
ნიკა მელიას ჩამოშორების გეგმა, კვიპროსული ვოიაჟის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა. პარტიაში ხელწერაც მალევე იცნეს და სახელიც მოუფიქრეს- “მილიონერთა კლუბის დაკვეთა” თუმცა ოფიციალურად ხაბეიშვილმა ვერც ეს დაკვეთა შეასრულა.
მაშველმა რგოლებმაც არ გაამართლა, პარტია ლევან ხაბეიშვილის პირობებში ორად გაიყო. 10 თვიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, პარტიის წევრები განუდგნენ და მის გადადგომასაც კატეგორიულად ითხოვენ. შეეწირება თუ არა ნიკა მელიას გარიცხვა-ვერ გარიცხვას ლევან ხაბეიშვილის თანამდებობა, ეს დრომ უნდა გაარკვიოს. თუმცა ლევან ხაბეიშვილი შეიძლება გახდეს ის თავმჯდომარე, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე მოკლედ დროით უხელმძღვანელა. ახლა პარტიაც და საზოგადოებაც იმის მოლოდინშია, რას ჩაიწერს ხაბეიშვილი.
ავტორი: იზი ბურნაძე