„ნაციონალური მოძრაობის” წიაღში დაბადებულ ბიზნეს-მონოპოლიებს, რა ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნეს გარემო უნდა მოვთხოვოთ?
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ქართული ეკონომიკა გადაიქცა კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიებზე დაფუძნებულ სისტემად,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა ნაციონალურმა მოძრაობამ ეკონომიკაში დატოვა, როცა ქართული ეკონომიკა გადაიქცა კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიებზე დაფუძნებულ სისტემად. „საზოგადოებას დღეს აქვს სრული უფლება, დასვას მთავარი კითხვა: რეალურად რა მასშტაბის ზიანი მიაყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანას და რატომ ვიმკით ამ შედეგებს დღესაც? პოლიტიკური სუვერენიტეტის შელახვა, უცხო ქვეყნების ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა და სპეცსამსახურებთან გადაჯაჭვულობა – ეს მძიმე მემკვიდრეობაა, თუმცა, თეორიულად გამოსწორებადი; არასამთავრობო სექტორისა და ჟურნალისტიკის დისკრედიტაცია, მათი პოლიტიკური იარაღად ქცევა – ამასაც შეიძლება ეშველოს, თუმცა დიდი დრო და თვითგამწმენდი პროცესია საჭირო; ექსპერიმენტებად ქცეული განათლების სისტემა – კვლავ რთული, მაგრამ გამოსწორებადი პრობლემაა.
მაგრამ ყველაზე მძიმე და პრაქტიკულად ყველაზე მავნე მემკვიდრეობა ეკონომიკაში დატოვეს! „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ქართული ეკონომიკა გადაიქცა კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიებზე დაფუძნებულ სისტემად. ბანკებიდან დაწყებული, სადისტრიბუციო ქსელებით დასრულებული, მთელი რიგი სფეროები ჩაიგდეს ხელში უკონკურენტო, გამდიდრებულმა ჯგუფებმა, რომელთა ფესვები სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება. სწორედ მაშინ დაიწყო მათი გაძლიერება და სწორედ მაშინ შეიქმნა გარემო, სადაც დღეს კონკურენციის სურვილიც კი, ფაქტობრივად შეუძლებელია – ახალ მოთამაშეს „ცხვირსაც არ შეაყოფინებენ“ არცერთ სფეროში. დღევანდელი სოციალური და ეკონომიკური უსამართლობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ კარტელების შედეგია. და ახლა, იგივე ჯგუფები გამოდიან განცხადებებით, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან ფასების კორექტირება „ბიზნესის ტერორია“. სინამდვილეში, მათ არც სურვილი აქვთ და არც ნება, იმსჯელონ რეალურ გამოსავალზე – როგორ შემცირდეს ხალხის ტვირთი და როგორ მოგვარდეს სოციალური პრობლემები. ამის ნაცვლად, კვლავ ირჩევენ ნაცნობ გზას: ლობისტების დაქირავებას, მანიპულაციას, შიდა პროცესების დამახინჯებულად წარმოჩენას. ზუსტად ისე, როგორც ქართულ კანონებს ნათლავდნენ „რუსულად“, დღესაც ცდილობენ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა „ბიზნეს ტერორად“ გაასაღონ. ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, „დამპალი თესლი ჯანსაღ ნაყოფს ვერ იძლევაო”. „ნაციონალური მოძრაობის” წიაღში დაბადებულ ბიზნეს-მონოპოლიებს რა ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნეს გარემო უნდა მოვთხოვოთ? ამიტომ, ვინც პრემიერ-მინისტრის ამ სახალხო, რეალურად ქართულ და სოციალური სამართლიანობისკენ მიმართულ ინიციატივას უსაგნო და არაარგუმენტირებული კრიტიკით შეხვდება, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს — ვისი ინტერესების გამტარია და რომელი „დამპალი თესლის“ ნაყოფს წარმოადგენს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.




