“ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი “ლელოს” PR კონსულტანტიც გახდა – პარტიაში ადასტურებენ, რომ ჯერემი როზნერი მათ პოლიტიკური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება

“ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი, ჯერემი როზნერი “ლელოს” პიარკონსულტანტიც გახდა. პარტიაში ადასტურებენ, რომ როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის სპეციალისტი მათ პოლიტიკური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. როზნერი, რომლის კლიენტიც, წლების განმავლობაში და “ნაციონალური მოძრაობა” იყო, უკვე თბილისშია. “ლელოს” ლიდერი მედიასთან არ აკონკრეტებს, შედგა თუ არა უკვე შეხვედრა “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტთან.
“ლელოში” ამტკიცებენ, რომ როზნერთან თანამშრომლობა დამოუკიდებლად, მისი გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვიტეს და არა “ნაციონალური მოძრაობის” რჩევით ან მითითებით. “ქართული ოცნების” ინფორმაციით კი, ოპოზიციურ პარტიაში კონსულტანტი სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” დასავლელი ლობისტების ჯგუფმა მიავლინა. მმართველი გუნდისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილია და მათი საერთო მიზანი ქვეყნის იმიჯის შელახვაა.
“ლელოსა” და ჯერემი როზნერის თანამშრომლობის შესახებ ცნობილი, გუშინ, სწორედ თინა ბოკუჩავას განცხადების შემდეგ გახდა. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოს” საერთო პოლიტიკური მიზნები და ერთობლივი გეგმა ბოკუჩავამ არც დღეს დაადასტურა, თუმცა ის ვერ უარყო, რომ პიარკონსულტანთან “ლელოს” თანამშრომლობაზე ინფორმაციას ფლობდა. ერთობლივ გეგმებზე პასუხს გაურბიან “ლელოშიც.”
“ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” საერთო პიარკონსულტანტი არ უკვირს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს. ამბობენ, რომ ამ პარტიებს რიტორიკა და სტრატეგია აქამდეც საერთო ჰქონდათ.
განსაკუთრებული, საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით არც ისაა, რომ “ლელოს” და “ნაციონალურ მოძრაობას” საერთო მრჩეველი ჰყავთ. განმარტავენ, რომ ამ პარტიების დღის წესრიგი და მიზნები ერთმანეთისგან არ განსხვავდება.
მმართველი გუნდის განცხადებით, სწორედ როზნერის რჩევით ცდილობდა გუშინ ოპოზიცია მსოფლიო ბანკის რეიტინგის გადაფარვას, რომელშიც კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო ლიდერია. ლობისტმა როზნერმა კი დაავალა ოპოზიციას, რომ ამ პოზიტიური თემის გადასაფარად ისტერიულად ემტკიცებინათ, თითქოს ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო და ისე წარმოეჩინათ, თითქოს ეს იყო არა ყოველწლიური შემოწმება, არამედ ახალი სკანდალური ინფორმაცია.
პიარ კონსულტანტი, “როზნერ რისერჩ-ის” აღმასრულებელი დირექტორი, დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. მის კლიენტებს შორის 2007 წლიდან იყო მიხეილ სააკაშვილიც და ყოფილი სახელისუფლებო პარტიაც. სწორედ “როზნერ რისერჩის” კვლევას იყენებდა “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წელს, ს დროს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად და ამომრჩეველს “ნაციონალური მოძრაობის” უპირატესობასა და გამარჯვებაში არწმუნებდა.

ასევე დაგაინტერესებთ